რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს

ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა ჰკითხა სიკორსკის, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები?

„დიახ, ეს შეიძლება, მოხდეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად“,- განაცხადა სიკორსკიმ.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის დასრულება ხუთ წუთში, ერთი სატელეფონო ზარით შოიგუსთან სიტყვებით: „ჩვენ გაგვყავს ჯარები უკრაინიდან“.

„სამწუხაროდ, უკრაინა ომს ერთი სატელეფონო ზარით ვერ დაასრულებს, ეს არის დიდი განსხვავება“, – განაცხადა სიკორსკიმ.

სეიმში სიტყვით გამოსვლისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსი ლიდერები და პროპაგანდისტები ცდილობენ პოლონეთსა და უკრაინელებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას.