რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც კოსმოსში ბირთვული შეიარაღების განთავსების აკრძალვას ეხებოდა
რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც კოსმოსში ბირთვული შეიარაღების განთავსების აკრძალვას ეხებოდა

რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც კოსმოსში ბირთვული შეიარაღების განთავსების აკრძალვას ეხებოდა. დოკუმენტს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა დაუჭირდა მხარი. ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

კენჭისყრის დაწყებამდე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, ვასილი ნებეზნიამ რეზოლუციის ტექსტს „ხუმრობა“ უწოდა. თავის მხრივ, გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაშინ გაჩნდება კითხვა, „ხომ არ აქვს რაიმე რუსეთს დასამალი?“

რეზოლუციის ტექსტი რვა პუნქტისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთ აწესებს აკრძალვას ისეთი ბირთვული იარაღის შექმნაზე, რომელიც შეიძლება, გაიყავანო ორბიტაზე, განათავსო ციურ სხეულზე ან რაიმე სახით განათავსო კოსმოსში. დოკუმენტი ასევე იმეორებს 1967 წლის კოსმოსის შესახებ შეთანხმებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნებისმიერი ბირთვული იარაღის განთავსება დედამიწის ორბიტაზე დაუშვებელია“. ამ შეთანხმებაში ხელმომწერი 114 სახელმწიფოა, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, ვასილი ნებეზნიამ განაცხადა, რომ უარი თქვა რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რადგანაც აკრძალვა უნდა ეხებოდეს ჩვეულებრივ შეიარაღებასაც და არა მხოლოდ ბირთვულს.

რუსეთთან ერთად ტექსტში ამ შესწორების შეტანა ჩინეთმაც მოითხოვა, თუმცა აშშ-მა მას მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთი მუშაობს თანამგზავრების საწინააღმდეგო ბირთვული იარაღის შექმნაზე, რომელიც კოსმოსში უნდა განათავსოს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ასეთმა შეიარაღებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ქაოსი და ყველა კომუნიკაციის ჩამოშლა.

მოსკოვში ამ ბრალდებას უარყოფენ.