დავით ზალკალიანი - ოპონენტების მცდელობაა, ვითარება წარმოაჩინონ ისე, როგორც მათ აწყობთ, ევროკავშირს სურვილი თუ ექნებოდა, რომ კრიტიკული შეფასებები ყოფილიყო, წინ ვერავინ დაუდგებოდა
დავით ზალკალიანი - ოპონენტების მცდელობაა, ვითარება წარმოაჩინონ ისე, როგორც მათ აწყობთ, ევროკავშირს სურვილი თუ ექნებოდა, რომ კრიტიკული შეფასებები ყოფილიყო, წინ ვერავინ დაუდგებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.

ზალკალიანის თქმით, ყველა მიმართულებით უმაღლესი შეფასებები მიანიშნებს თანამშრომლობის იმ დონეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს.

რაც შეეხება ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციას, საკითხზე საუბრისას ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დეკლარაციაში ერთ-ერთი ძირითადი, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„კიდევ ერთხელ მინდა, შევაფასო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბრიუსელში. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საქართველო- ევროკავშირს შორის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი, რომელიც განიხილავს საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ყველა ძირითად მიმართულებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შეხვედრა ბოლო წლების განმავლობაში. სულ ჩატარდა ასოცირების ექვსი შეხვედრა და ის დეკლარაცია, რომელიც მიღებულ იქნა ამ შეხვედრის შედეგად, შინაარსიდან და კონკრეტული შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.

ჩვენ გვაქვს ყველა მიმართულებით უმაღლესი შეფასებები და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს თანამშრომლობის იმ დონეს, სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. მინდა, რამდენიმე იმ ძირითად მომენტზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს დეკლაარაცია შინაარსის თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. პირველი – დეკლარაციაში საუბარია საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ევროპულ არჩევანზე. ეს არის სწორედ ის განზომილება, მიმართულება, რომელიც ჩვენ ძალიან წაგვადგება და დაგვეხმარება ჩვენი მიზნის განხორციელებაში, რაც გახლავთ, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

მეორე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც იქნა ასახული ერთობლივ დეკლარაციაში, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროკავშირსა და რეგიონს შორის. ე.წ ქონექტივითი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დაკავშირებულობას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მზაობას ევროკავშირის მხრიდან, საქართველო იყოს უფრო აქტიურად დაკავშირებული ევროკავშირთან, მოხდეს ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა. ის ფაქტი, რომ დეკლარაციაში ეს მიმართულებები არის ასახული, ჩვენ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რადგანაც აქტიურად ვემზადებით წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის. სწორედ დაკავშირებულობა ევროკავშირთან არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ, რათა შავი ზღვის გეოგრაფია, შავი ზღვის როლი იყოს უფრო მეტად გამოყენებული, მნიშვნელოვანი დიდი პროექტების რეალიზაციისთვის.

ასევე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ამ დეკლარაციაში ჩვენ ვიხილეთ შეფასებები საქართველოში ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ჩვენ ვიხილეთ, რომ ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რაც აისახა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში საარჩევნო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით. ამ მიმართულებითაც ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი. მოგეხსენებათ, რომ კანონპროექტი უკვე შემუშავებულია, სადაც არის გათვალისწინებული ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის მთავარი საერთაშორისო პარტნიორის ეუთო/ოდირის რეკომენდაცია.

უაღრესად პოზიტიური შეფასება გვაქვს უვიზო მიმოსვლის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ყველა რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს აქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან არის გათვალისწინებული. მნიშვნელოვნად არის შემცირებული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და უვიზო რეჟიმის იმპლემენტაცია იმ ანგარიშში, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა.  მნიშვნელოვანი აქცენტებია გაკეთებული საქართველოს სტრატეგიულ როლზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. გამოყოფილი არის საქართველო, როგორც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ქვეყანა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ევროკავშირის დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება. იქ საუბარი იყო რა თქმა უნდა, სამხრეთი გაზში დერეფნის მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმულია შავი ზღვის როლი, როგორც დამაკავშირებლის ევროკავშირის საქართველოსთან და მთლიანად რეგიონში. რა თქმა უნდა, ერთობლივ დეკლარაციაში ერთ-ერთი ძირითადი, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

ასევე ჩვენს მცდელობებს გადავდგათ ნაბიჯები დეოკუპაციასთან მიმართებაში. ასევე ჩართულობის თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობის თვალსაზრისით იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და გავუზიაროთ მათ ის სიკეთეები, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში არის ასახული 21 იანვარს სტრასბურგის ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სადაც აღიარებულია, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ქვეყნის ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს ჩვენი ტერიტორიების ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იმ პოლიტიკური შეფასებების დამატებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელებაში. აქ ევროკავშირის როლი არის ძალიან მკაფიო. მოგეხსენებათ, რომ ის არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკებაში, როგორც ერთ-ერთი მთავარი აქტორი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს არაღიარების პოლიტიკაში, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს დეკლარაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებას, რომ დეკლარაცია არ იყო კრიტიკული, ზალკალიანი ამბობს, რომ თუკი ევროკავშირს ექნებოდა სურვილი კრიტიკული შეფასებების, წინ ვერავინ დაუდგებოდა.

„გამორიცხულია, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რასაც ჩვენი ოპონენტები არაერთხელ მიმართავენ, რომ სიტუაცია წარმოაჩინონ ისე, როგორც მათ აწყობთ. ჩვენს ოპონენტებს შორის ბევრი ადამიანია, რომლებსაც დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, საქმიანობის გამოცდილება და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ არის ისეთი დოკუმენტი, სადაც ჩვენ ერთმანეთის ნების წინააღმდეგ წავალთ. თუკი ევროკავშირს ექნებოდა სურვილი, იქ კრიტიკული შეფასებები ყოფილიყო, ამას ვერავინ წინ ვერ დაუდგებოდა. უბრალოდ, წინ მოცემულობაა ასეთი, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ყველა იმ რეფორმას, ყველა იმ საშინაო დავალებას, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან. მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა ახსენეთ თქვენ და ამაზეც პრემიერ-მინისტრმა ძალიან საჯაროდ, ხმამაღლა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის შემდეგი ეტაპი. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ ძალიან თანმიმდევრული ვართ. რომ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა ხორციელდება. თვალსაჩინოა და ხელშესახებია ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვაქვს სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით. თუნდაც ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანწილად არის შემცირებული ევროპულ სასამართლოში მიმართვიანობა საქართველოდან. მიანიშნებს იმაზე. რომ ამ მიმართულებით არის ხელშესახები პროგრესი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს პროცესი დასრულებული არ არის. ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისიის მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული, რათა სასამართლო სისტემა გახდეს მეტად დამოუკიდებელი და ტრანსფარენტული“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.