ირაკლი ღარიბაშვილი - გაუგებარია, ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია თუ არის ვალდებული, შეავსოს დეკლარაცია და სრულიად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული ე.წ. ენჯეოების საქმიანობა?
ირაკლი ღარიბაშვილი - გაუგებარია, ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია თუ არის ვალდებული, შეავსოს დეკლარაცია და სრულიად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული ე.წ. ენჯეოების საქმიანობა?

ჩემთვის გაუგებარია, ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია თუ არის ვალდებული, დეკლარაცია შეავსოს და სრულიად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს არის პირველი და მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მოუსმენია.

„ძალიან ბევრი განმარტება კეთდება ჩვენი გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის, ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან. მე „გამჭვირვალობის კანონის“ შინაარსსა და დეტალებში არ შევალ. ძალიან კარგად იცის ამის თაობაზე ჩვენმა საზოგადოებამ. მე ერთი რამ მინდა, ვთქვა და ჩემი პოზიცია, მინდა, დავაფიქსირო, თუმცა ჩემი პოზიცია მანამდეც მოგეხსენებათ, რომ არაერთხელ მაქვს ნათქვამი ამ თემაზე ჯერ კიდევ შარშან და მას შემდეგაც. ჩემი პოზიცია ყველამ იცის.

მთავარი, მინდა, ვთქვა, რომ ჩემთვის გაუგებარია, ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია თუ არის ვალდებული, დეკლარაცია შეავსოს და სრულიად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა? ეს არის პირველი მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მომისმენია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მხარს უჭერს გამჭვირვალობას, მხარს უჭერს, რომ ე.წ. ენჯეოების საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და აღნიშნა, რომ არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ამა თუ იმ „ენჯეოსა“ თუ პირის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„მთავრობა და ხელისუფლება ცდილობს, მაგალითი მისცეს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა. ამიტომ, მე, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობას მივესალმები. ასევე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას და ამ კრიტიკოსებს და ე.წ. ოპონენტებს ვუთხრა – ახლა საუბრობენ, რომ „ოცნების“ ეს ნაბიჯი არის ანტიევროპული და ა.შ. თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები პროგრესი მოუტანა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. მეც, რა თქმა უნდა, ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი ამ პროცესში. მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. მანამდე ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება – ყველა ეს ხელშესახები პროგრესი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა. მეც ვარ ამაყი, რომ ამ პროცესში შეტანილი მაქვს ჩემი კონკრეტული წვლილი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის მომხრეა.

„რაიმე კითხვა თუ არსებობს ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვინმეს თუ რაიმე არ მოსწონს, არსებობს პარლამენტი. იცით, რომ გაიმართება განხილვები. ასე რომ, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა, ყვირილისა და ემოციების გარეშე მიიღონ მონაწილეობა და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.