დავით ზალკალიანი - ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მოწინავე ადგილი უკავია
დავით ზალკალიანი - ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მოწინავე ადგილი უკავია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. ეს განცხადება ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენი მოლოდინები ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული და ვფიქრობ, რომ შედეგი დადგა. პირველად საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე შედგა შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. მსგავსი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია. შეხვედრის თემატიკა – თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მიუთითებს იმაზე, რომ ნატო საქართველოს აღიქვამს სწორედ რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში და ჩვენ ამ შეხვედრაზე საშუალება გვქონდა, გვესაუბრა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებაზე, ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით, ასევე შავ ზღვაზე უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი სიტუაციაზე“- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სამიტის ფარგლებში მიღებულ ნატო-საქართველოს დეკლარაციას, რაც უპერეცედენტოა, რადგან პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე.

„დოკუმენტი არის ვრცელი, მოცულობითი, შინაარსიანი, დატვირთული ყველა ძირითადი მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე პოზიციებზეა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან ყურადღება გაამახვილა სამიტის კონკრეტულ შედეგებზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ისაუბრა თანამშრომლობის იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც დაისახა სამიტის ფარგლებში.

„დოკუმენტში საუბარია ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორებიც არის საზღვაო სარდლობებს შორის თანამშრომლობა და ლოჯისტიკურ სფეროში თანამშრომლობა, ასევე საქართველოს ჩართვა აბორდაჟის ოპერაციებში. ასევე შავი საზღვაო ძალების წვრთნებში, საუბარია პორტებში ნატო-ს ხომალდების ვიზიტებზე, კონტრმობილობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, შავი ზღვის საჰაერო და საზღვაო აკვატორიის მონიტორინგზე. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია.

ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით კიდევ ერთხელ არის გამყარებული ბუქარესტის სამიტის განცხადება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე არის მინიშნება იმ კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და კონკრეტულად არის ჩამოთვლი საქართველო-ნატო-ს კომისია, ნატო-ს ერთობლივი პაკეტი და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან ერთად მნიშვნელოვანი ელემენტებია და ყველა თანხმდება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. სამწუხაროდ, არ არის გადაწყვეტილება ვადებთან დაკავშირებით, როდის მოხდება ეს, მაგრამ ფაქტია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც დაკავშირებული არის წევრობასთან“ – განაცხდა დავით ზალკალიანმა.​