კახა კალაძე - ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პრაგმატული პოლიტიკა მნიშვნელოვანია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
კახა კალაძე - ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პრაგმატული პოლიტიკა მნიშვნელოვანია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.

მისივე თქმით, რეფორმების განხორციელება ხანგრძლივი პროცესია, რასაც ხელისუფლება თანმიმდევრულად მიჰყვება.

„საქართველო მზად არის, რეფორმები განახორციელოს. რეფორმების განხორციელება არ ნიშნავს, რომ დღეს რაღაც შესრულდა და ამით დასრულებულია ყველაფერი. ეს არის ხანგრძლივი, გრძელვადიანი პროცესი, რასაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ  მოხდეს საქართველოს ინტეგრირება, იმ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ასევე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თუ რამე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ყველა გადადგმული ნაბიჯი – ეს იყო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო ურთიერთობები – ყველაფერი „ქართული ოცნების“ და მისი გუნდის დამსახურებაა“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პრაგმატული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამიტს რაც შეეხება, სტატუს კვო იგივე რჩება როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, თუმცა უკრაინასთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა მოლოდინები იყო. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პრაგმატული პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სწორი, პირველ რიგში, ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და მოვიპოვოთ არა ომით, არა ძალადობით და დაპირისპირებით, უნდა მოვიპოვოთ განვითარებით, ძლიერი ეკონომიკით, გონიერებითა და განათლებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.