დავით ზალკალიანი - ჟოზეფ ბორელის ძალიან მკაფიო მოწოდებაა, რომ ბოიკოტი მიუღებელია და ეს არ არის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ საზოგადოებას ახასიათებს
დავით ზალკალიანი - ჟოზეფ ბორელის ძალიან მკაფიო მოწოდებაა, რომ ბოიკოტი მიუღებელია და ეს არ არის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ საზოგადოებას ახასიათებს

ჟოზეფ ბორელმა ძალიან მკაფიო მოწოდება გააკეთა, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი და ეს არ არის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ საზოგადოებას ახასიათებს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებების შეფასებისას.

მისივე თქმით, ნატო-ს მხრიდანაც ასევე იყო გაცხადებული, რომ ალიანსში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპონენტები და პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს.

„გამოგრჩათ ერთი მნიშვნელოვანი მოწოდება, რომელიც ბატონმა ბორელმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა – მოწოდება, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი და ეს არ არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ საზოგადოებას ახასიათებს.

მსგავსი განცხადებები არამხოლოდ ევროკავშირისგან, არამედ ნატო-ს მხრიდანც მოვისმინეთ, რომ ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპონენტები და პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. ამიტომ, ის პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია პარლამენტში შესვლით, მათ შორის ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც ოპოზიციას აქვს, ვერ განხორციელდება ისე, თუ ისინი პარლამენტში არ შევიდნენ. მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ესეც ხომ ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ეუთო/ოდირის, რომ ჩვენ განსაკუთრებული აქცენტები გაგვეკეთებინა იმ ხარვეზებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც არის ეუთო-ს დასკვნაში. ეს უკვე გათვალისწინებულია, კანონპროექტი არის, რომელიც ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო აქტორის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მოამზადა და დევს ეს უკვე პარლამენტში, განსახილველია. ამის მიღება ვერ მოხერხდება, თუ არ შევიდნენ ისინი პარლამენტში, რადგან რესურსი, ხმების რაოდენობაა საჭირო, რათა ოპოზიციაც იყოს ჩართული. ამაზეა საუბარი, კონსენსუსი მოსაძებნია ამ მიმართულებით. თუკი ჩვენ გვინდა ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, აუცილებელია, რომ ეს მოხდეს სწორედ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება პარლამენტი. ამიტომ ყველა უნდა შევიდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.