დავით ზალკალიანი - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია
დავით ზალკალიანი - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ასეთი სერიოზული გამოწვევები არსებობს მსოფლიოს წინაშე, რთულია რამე ახალ ფორმატზე საუბარი, ამიტომ, ეს ფორმატი უნდა იყოს შენარჩუნებული იმ სახით, როგორიც გვაქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრმა დიასპორის, ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა და დეპუტატ ადა მარშანიას კითხვასაც უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, იზიარებდა თუ არა მინისტრი „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას, რომ ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატი შეიქმნას.

„ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, მე უპირატესობას ვანიჭებ იმ ფორმატებს, რა ფორმატებიც არსებობს. ვფიქრობ თქვენ, როგორც დამოუკიდებელ პარტიას თქვენი არჩევანი გაქვთ. ვფიქრობ, ეს ფორმატი არის უფრო შედეგის მომტანი, რა ფორმატებშიც დღეს ვსაუბრობთ“, – ასე უპასუხა კითხვას ზალკალიანმა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში საგარეო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა, დეპუტატებს მასთან რამდენიმე კითხვა ჰქონდათ, მათ შორის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, დიპლომატთა როტაციის პრინციპზე, ევროკავშირის საგზაო რუკაზე, სამეზობლო პოლიტიკაზე, ანალიტიკური ცენტრების დანერგვასა და მათ შორის ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა საგარეო უწყებას საუბრები პარტნიორებთან Heritage Foundation-ის მკვლევარის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს, რომ ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს მე-5 მუხლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს.

„ძალიან სენსიტიური საკითხია, ვფიქრობ, ამაზე საჭიროა მსჯელობა. გთავაზობთ, რომ ერთად ვიმსჯელოთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ნატოელი პარტნიორები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის გაწევრიანებას ნატო-ში, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით. ამას, რასაც თქვენ ბრძანებთ, შესაძლოა მოჰყვეს ნეგატიური განვითარებებიც ოპონენტების მხრიდან, ხომ აღიარებთ, რომ შესაძლებელია?! იგივე ინფორმაციული ნარატივის დამკვიდრებაში ვთქვათ,რაც ხელს შეუწყობს იმის მომხრეებს,თქვან რომ საქართველო თმობს ტერიტორიულ მთლიანობას და მიდის ტერიტორიული მთლიანობის გარეშე ნატო-ში. ამიტომ, ამაზე სერიოზული მსჯელობაა საჭირო, მზად ვარ, გინდ დახურულ რეჟიმში, გინდ პარლამენტში, მოიწვიეთ კომიტეტი, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.