დავით ქაცარავა - მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტები იდგნენ
დავით ქაცარავა - მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტები იდგნენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მოძრაობის სადამკვირვებლო ჯგუფმა სოფელ ხურვალეთში შევლენ და იქ არსებულ მდგომარეობას ნახავენ.

როგორც დავით ქაცარავა აცხადებს, მოძრაობის აქტივისტები დაათვალიერებენ იმ ტერიტორიას, სადაც მისივე თქმით, გუშინ რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

„შეთანხმება შედგა, ჩვენი წარმომადგენლები შევლენ სოფელ ხურვალეთში, იმ ადგილზე, სადაც გუშინ იდგნენ რუსი ოკუპანტები. ჩვენ დავათვალიერებთ ამ პერიმეტრს, ზოგად პერიმეტრსაც გადავხედავთ ჩვენი შემდგომი შეფასებებისთვის. ამის შედეგ, როდესაც ჩვენი ჯგუფი გამოვა ხურვალეთიდან, იმ ბაღებიდან, რომლის ოკუპაციაც იგეგმებოდა გუშინ, უკვე გავაკეთებთ განცხადებას და შემდეგ დავიშლებით. ჩვენც ზუსტად იმისთვის ვართ აქ, რომ სიტუაცია იყოს მშვიდობიანი, მშვიდი, არ მოხდეს არანაირი დაძაბულობის ესკალაცია და არ პრობლემის შექმნა“, – განაცხადა ქაცარავამ.

მისივე თქმით, სოფელ ხურვალეთში თავად შესვლას არ აპირებს.

„გადაწყდა, რომ ადგილზე მე არ შევალ, შევა ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფი. იყო თხოვნა იმ კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებთანაც ვიკონტაქტეთ, ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს იყო თხოვნა, რომელიც მე გავითალისწინე“, – განაცხადა ქაცარავამ.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.