ირაკლი კობახიძე - უამრავი პრობლემა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ქაცარავა
ირაკლი კობახიძე - უამრავი პრობლემა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ქაცარავა

უამრავი პრობლემა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის, ეს კონკრეტული „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ქაცარავა, უამრავი პროვოკაცია გვინახავს მისი მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს დავით ქაცარავას პოსტზე, რომლის მიხედვითაც, რუსული საოკუპაციო პატრული მლეთაში ავიდა, ასევე, ქაცარავა ამბობს, რომ, შესაძლოა, მალე ლომისას წმ. გიორგის ტაძარიც ოკუპირებული იყოს.

„ესეც არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, თუ რაიმე პრობლემური ხდება ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ სახელმწიფოს ინტერესები იყოს დაცული. რაც შეეხება ოჩამჩირის პორტის საკითხს, ეს პროცესი დაიწყო 2009 წელს, ესეც არის შესაბამისად წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, 2009 წელს დაიწყო პორტის მშენებლობა, გაღრმავება ოჩამჩირის ტერიტორიაზე. ეს არის წინა ხელისუფლების ერთ-ერთი „მიღწევა“ და მათი უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჰქონდა მკაფიო პოზიცია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.