ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „რუსმა სამხედროებმა ხურვალეთში ახალი ტერიტორია აითვისეს“ 

ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელი ლუდა სალია აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ხურვალეთში ახალი ტერიტორია აითვისეს.

როგორც ლუდა სალია აცხადებს, დღეს ხურვალეთში უჩვეულოდ ბევრი ხალხი დახვდა, მათ შორის პოლიციელები და ევროკავშირის დამკვირვებლები.

„ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. ძალიან ახლოს მივსულვარ რუს ოკუპანტებთან, სადაც იდგნენ ესენი. ერთ-ერთმა ჩვენმა ქართველმა პოლიციელმა მომკიდა ხელი და მითხრა, გამოდი გენაცვალე. რა ხდება მეთქი, დგანან გაჩაჩხულები ავტომატებით, ფეხები გაშლილები აქვთ და სახეზე ნიღბები. მინიმუმ რვა ადამიანი იყო, მათ ახალი ტერიტორია აითვისეს“, – განაცხადა ლუდა სალიამ.

სოციალურ ქსელში დღეს სწორედ ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

ამასთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობა მიუღებელია და დღევანდელი მდგომარეობა ინტერნეტში ხელოვნურად გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია.