დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მის დისკრედიტაციას ცდილობს
დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მის დისკრედიტაციას ცდილობს

ორგანიზაციის „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებას მისი გუნდის დისკრედიტაციად აფასებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს დავით ქაცარავამ განუცხადა, ტყუილია ასევე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის რომელიმე განცხადებაში საოკუპაციო ხაზის ნაცვლად სიტყვა „საზღვარს“ იყენებს.

„მეც ვნახე საოკუპაციო რეჟიმის ეს განცხადება და ერთგვარი შეფასება ჩვენი საქმიანობის. ამ განცხადებაში ისინი თითქოსდა გვაქებენ და ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, რადგან მოხდეს ჩემი და ჩემი გუნდის დისკრედიტაცია და ამას აქტიურად ცდილობს საოკუპაციო რეჟიმი. როგორც ჩანს, ჩვენ ნამდვილად ეფექტურად ვმუშაობთ ხაზთან. ეს განცხადებაც სწორად ამას უსვამს ხაზს. განცხადებაში საუბარია, რომ ჩვენ საუბარში ვიყენებთ სიტყვა საზღვარს, რაც არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ ტყუის საოკუპაციო რეჟიმი. ჩვენ არასდროს, არც ერთ საუბარში არ ვამბობთ, რომ ეს არის საზღვარი და ვხმარობთ სიტყვებს – საოკუპაციო ხაზი. ზუსტად სამი წელია, ვაშუქებთ, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან და ვცდილობთ, ინფორმირებული იყოს საზოგადოება იმის შესახებ, რასაც ხელისუფლება მალავს. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება პირდაპირ კოლაბორაციაშია რუსეთთან და რეალურად ჩვენ ამ ყველაფრის ლუსტრაციას ვახდენთ. ამით სერიოზულ დისკომფორტს ვუქმნით როგორც რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს, ისე საქართველოს ხელისუფლებას. ხელისუფლება თავისი უმოქმედობით უწყობს ხელს რუსეთს, რომ მიიტაცოს მიწები და ამის შესახებ ჩვენ ღიად ვსაუბრობთ. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ვამბობ ემსახურება დისკრედიტაციას. რეალურად შექებით გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისთვის და საოკუპაციო რეჟიმისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, ბუნებრივია, რეალურად სრულიად საპირისპიროდ რამ ხდება. ადრე იგივე რეჟიმი გვაკრიტიკებდა, დესტრუქციულ ძალას გვიწოდებდა და ჩვენ განეიტრალებას ითხოვდნენ და ახლა, როგორც ჩანს, შეცვალეს ტაქტიკა. მათ ამ განცხადებით სურთ, შექმნან განწყობა, რომ რუსეთის საქმეს ვაკეთებთ და საზოგადოებაში ეს აზრი გაავრცელონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ჯგუფი იქნება იქ, სადაც გადის საოკუპაციო ხაზი. კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ჩანს, საოკუპაციო რეჟიმმა შეცვალა ტაქტიკა“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში აფერხებს დამოუკიდებელი არასამთავრობი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ე.წ. საზღვარზე მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობენ.

ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ და მისი ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ახორციელებენ კონსტრუქციულ საქმიანობას საზღვრის მიმდებარე რაიონებში არსებული სიტუაციის გაშუქებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის „სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდების მხრივ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დავით ქაცარავამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ქართველი ინტერნეტმომხმარებელებს „თვალსაჩინოდ აჩვენა ადგილზე სახელმწიფო საზღვრის გავლების ხაზი“.

დატოვე კომენტარი