ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი დავით ქაცარავასა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას დადებითსა და კონსტრუქციულს უწოდებს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი დავით ქაცარავასა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას დადებითსა და კონსტრუქციულს უწოდებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში აფერხებს დამოუკიდებელი არასამთავრობი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ე.წ. საზღვარზე მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობენ.

„აქამდე საქართველოს პატრიოტულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საშუალებით, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი რეგულარულად იღებდა ობიექტურ ინფორმაციას საზღვრის მიმდებარედ შექმნილი ვითარების შესახებ“, – ნათქვამია სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.

ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ და მისი ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ახორციელებენ კონსტრუქციულ საქმიანობას საზღვრის მიმდებარე რაიონებში არსებული სიტუაციის გაშუქებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის „სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდების მხრივ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დავით ქაცარავამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ქართველი ინტერნეტმომხმარებელებს „თვალსაჩინოდ აჩვენა ადგილზე სახელმწიფო საზღვრის გავლების ხაზი“.

„ვიდეოგადაღების შესახებ კომენტარის დროს, ქაცარავამ განაცხადა რომ საქართველოს მთავრობა აქტივისტების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს და საზღვრის მიმდებარე სიტუაციის მონიტორინგს ხელს უშლის“, – ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

დეფაქტო ხელისუფლების განცხადებით, კომიტეტი დადებითად აფასებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას და მათი ლიდერების აქტიურობას.