დავით ბაქრაძე - ყველას სანქცირება და შავ სიაში შეყვანა უნდა მოხდეს, ვისაც ტატუნაშვილის მკვლელობასთან კავშირი აქვს
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს დღეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიუსამძიმრა. ბაქრაძე სოფელ წილკანში იმყოფებოდა.
მისი თქმით, მომხდარი უმძიმესი ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ქმედება დაუსჯელი არ დარჩეს.
„უმძიმესი ტრაგედიაა და ამასთან ერთად, წარმოუდგენელი თავხედობაა საოკუპაციო რეჟიმის, რომ ათი დღე გავიდა და ოჯახისთვის ცხედარი ჯერ არ გადაუციათ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. არა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან და არა მხოლოდ შიგნით უნდა ვიმუშაოთ, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თავხედობა დაუსჯელი არ დარჩეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით „ევროპულ საქართველოს“ აქვს გეგმა, რომელიც სანქციების მიღებას და იმ ადამიანების შავ სიაში შეყვანას ითვალისწინებს, რომლებსაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი აქვს.
„გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ მოხდეს სანქცირება და შავ სიაში შეყვანა ყველა იმ ადამიანის, ვისაც კავშირი აქვს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან. თითოეულმა ასეთმა ნაძირალამ უნდა იცოდეს, რომ მიწა დაეწვება ფეხქვეშ და ყველგან, სადაც მივწვდებით არ დავზოგავთ იმ ადამიანებს, ვინც ასე დაუნდობლად ექცევა, ხოცავს, აწამებს და იტაცებს ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამიტომ სანქციებიც უნდა იქნეს მიღებული და რეზოლუციაც.
„სანქციებიც უნდა მივიღოთ, რეზოლუციაც უნდა მივიღოთ და თუ ვართ თავმოყვარე სახელმწიფო, ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მკვლელები არ დარჩნენ დაუსჯელნი და მომავალში ვერც ერთმა ნაძირალამ ვეღარ გაბედოს ჩვენი ქართველი მოსახლეობის მოტაცება, წამება და მკვლელობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ოკუპირებული ცხინვალიდან გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ. ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება კვლავ არ ეძლევათ საქართველოს ორ მოქალაქეს ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.
გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართა და არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხში შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობა სთხოვა.