ილია II რუსეთის პატრიარქს მიმართავს - გვიშუამდგომლეთ შესაბამის ორგანოებთან, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს
ილია II რუსეთის პატრიარქს მიმართავს - გვიშუამდგომლეთ შესაბამის ორგანოებთან, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე, რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა.

წერილი საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.

ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს  არ აქვთ საშუალება, დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.

ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენციაში, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს.

თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის“, – აღნიშნულია წერილში.

 

საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს გიორგი და რუსუდან ტატუნაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოში გუშინ იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მათ დაპირდა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებდა, რათა ოჯახს ცხედარი დროულად გადმოეცეს.