დავით ასათიანი - ჭარბვალიანობის ეფექტიანი კონტროლისა და სიღარიბის დამარცხებისთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დაგვიანებულია, მაგრამ პოზიტიური ინიციატივაა
დავით ასათიანი - ჭარბვალიანობის ეფექტიანი კონტროლისა და სიღარიბის დამარცხებისთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დაგვიანებულია, მაგრამ პოზიტიური ინიციატივაა

ჭარბვალიანობის ეფექტიანი კონტროლისა და სიღარიბის დამარცხებისთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, რასაც მივესალმები და მთავრობას უფრო აქტიური ნაბიჯებისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ „ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში პრობლემები დაგროვდა და ბოლო წლების განმავლობაში არსებული ყველა ხელისუფლება ამ მიმართულებით გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს, რადგან კრედიტორსა და მოვალეს შორის ბალანსი დაირღვა. ეს ბალანსი ყოველთვის კრედიტორთა სასარგებლოდ და მოვალეების, ფიზიკური პირების ინტერესების საწინააღმდეგოდ ირღვეოდა“, – განაცხადა ასათიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რით განსხვავდება „ადვოკატთა ასოციაციის“ ინიციატივა ამ დრომდე ინიცირებული საკითხებისგან, დავით ასათიანმა განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ კანონპროექტით წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 10%-დან 50%-მდე უნდა შემცირდეს, „ადვოკატთა ასოციაციის“ ინიციატივით კი, თუ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ზღვრულ ოდენობას გადააჭარბებს, ეს მევახშეობად უნდა იქნას მიჩნეული, მევახშეობა კი, კანონსაწინააღმდეგო მოვლენად გამოცხადდეს.

„ეს გერმანული მოდელია, სადაც მევახშეობა, როგორ მოვლენა, კანონსაწინააღმდეგოდ და ამორალურად არის გამოცხადებული“, – განაცხადა ასათიანმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რითაც „ადვოკატთა ასოციაციის“ მოსაზრებები ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისგან განსხვავდება ისაა, რომ პროცენტიდან პროცენტის გადახდის შესაძლებლობა ერთმნიშვნელოვნად უნდა გაუქმდეს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია, რასაც საკრედიტო სექტორი და ე.წ. კერძო იპოთეკარები, თუ მევახშეები ხშირ შემთხვევაში, ბოროტად იყენებენ და რაც მოვალეს კიდევ უფრო დიდ ტვირთად აწვება“, – განაცხადა ასათიანმა.

როგორც ასათიანმა აღნიშნა, მარადიული ვალაუვალობის თემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

„თუ ადამიანს ფინანსური პრობლემა ერთხელ შეექმნა, ვალაუვალი გახდა და მოვალეთა, ან ე.წ. შავ სიაში აღმოჩნდა, ფაქტობრივად, მისი აქედან ამოსვლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ადამიანს საფუძველს მისცემს, გაკოტრებულად გამოცხადდეს და ამის შემდეგ ახალი ცხოვრება, ახალი ეკონომიკური საქმიანობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს“, – განაცხადა დავით ასათიანმა.