დამოუკიდებელი ექსპერტი დუისში დღეს იმ სახლს დაათვალიერებს, სადაც სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დღეს პანკისის ხეობაში ჩავა. როგორც ნიკოლეიშვილმა პირველ არხს განუცხადა, სოფელ დუისში იმ სახლის დათვალიერებას აპირებს, სადაც 26 დეკემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა და თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს.
ექსპერტი ასევე შეისწავლის, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მაჩალიკაშვილი სროლის დროს. ნიკოლეიშვილის თქმით, სურს, განსაზღვროს სროლის ტრაექტორია.
დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო, უკვე იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც პაციენტის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვა.
მაია ნიკოლეიშვილი გეგმავს, სამედიცინო დოკუმენტაცია თელავის იმ კლინიკიდანაც გამოითხოვოს, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება თბილისში გადმოყვანამდე გაუწიეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.
„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.