დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან ამოფრქვეული უმძლავრესი ქარები — პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, ასტრონომები პირდაპირ დააკვირდნენ გაზის მასიურ გამოდინებას, რომელიც გალაქტიკიდან ასობით ათასი წლის მანძილზე ივრცობა.
მათი თქმით, ეს პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ კვებავს გალაქტიკური ქარები გალაქტიკების მიმდებარე სივრცეს — გაზის ვრცელ ღრუბლებს, რომლებიც გალაქტიკათშორის სივრცეში ხეტიალისას გალაქტიკებს ეხვევა გარშემო. გარდა ამისა, ქარები ასევე მეტყველებს მასიურ გალაქტიკათა შეჯახების „ველურ“ დინამიკაზე.
იმიტომ, რომ გალაქტიკა სახელად SDSS J211824.06+001729.4, რომელსაც მეცნიერებმა ზედმეტსახელად „მაკანი“ (ჰავაურად „ქარი“) უწოდეს, ჩვეულებრივი ობიექტი არ არის. Სინამდვილეში ის ფრანკენშტეინის გალაქტიკური მონსტრია — ორი ერთმანეთთან შეჯახებული გალაქტიკა, რომლებმაც ერთი კომპაქტური, მაგრამ მასიური გალაქტიკა წარმოქმნეს.
კოსმოსში წარმოუდგენლად ბევრი გალაქტიკა დაცურავს. ორი გალაქტიკა გრავიტაციულად ყოველთვის ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. ხშირად ისინი ერთმანეთს ერწყმიან.
ასტრონომებს დაკვირვებები ჩატარებული აქვთ ერთმანეთთან შერწყმის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ გალაქტიკებზე. მაკანის შემთხვევაში ეს პროცესი უკვე დასრულებულია და მას შერწყმის გვიანდელ ეტაპს უწოდებენ. სწორედ ეს გვეუბნება რაღაცას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება „ამოებოყინებინა“ მას გაზი.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ელაისონ კოლის განცხადებით, გალაქტიკური შერწყმები ხშირად იწვევს ვარსკვლავთწარმოქმნის მოვლენებს, თუკი შერწყმის პროცესში მყოფ გალაქტიკებში არსებული გაზის მნიშვნელოვანი ოდენობა შეკუმშულია; ამ შემთხვევაში იწყება ახალ ვარსკვლავთა დაბადება.
მისი თქმით, მაკანის შემთხვევაში, სავარაუდოდ სწორედ ეს ახალი ვარსკვლავები იწვევენ უზარმაზარ გამოდინებებს როგორც ვარსკვლავური ქარების, ისე სიკვდილისას სუპერნოვად აფეთქების სახით.
მაკანის გალაქტიკიდან მართლაც დიდი ოდენობით გაზი გამოედინება. Კეკის ობსერვატორიის ტელესკოპის გამოყენებით, ჯგუფმა დააფიქსირა ცხელი იონიზებული ჟანგბადი, რომელიც 4900 კვადრატულ კილოპარსეკზე ივრცობა.
ქვიშის საათის ფორმის ბიპოლარულ ბუშტში მეტალით მდიდარი გაზის ორი ცალკეული ნაკადია; მათი ტემპერატურა დაახლოებით 10 000 გრადუსი ცელსიუსია და როგორც ჩანს, ნაკადების გამოდინება სხვადასხვა დროს მოხდა.
უფრო ძველი ნაკადი დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ არის გამოტყორცნილი და გალაქტიკათშორის სივრცეში 1400 კმ/წმ სიჩქარით ვრცელდება. მეორე მხრიდან გამოშვერილი უფრო ახალი ნაკადი დაახლოებით 7 მილიონი წლის წინ არის გამოტყორცნილი და 2100 კმ/წმ სიჩქარით ვრცელდება.
ფიზიკოს დევიდ რუპკეს განცხადებით, ძველი ნაკადი გალაქტიკიდან უკვე საკმაოდ შორსაა გავრცელებული, ახალს კი, მიუხედავად დიდი სიჩქარისა, ამისათვის ჯერ საკმარისი დრო არ ჰქონდა.
ფაზლის დანარჩენი ნაწილების თავმოყრა მოითხოვდა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და ტელესკოპ ALMA-ს მონაცემებს. ჰაბლმა გალაქტიკაში დაინახა ვარსკვლავები, რომლებმაც თავის მხრივ, გამოავლინეს გალაქტიკის უზარმაზარი მასა და კომპაქტური ზომა; ამის საფუძველზე კი, ჯგუფმა შერწყმის მტკიცებულებებს მიაგნო.
ALMA-ს რადიომონაცემებმა კი გამოავლინა, რომ გალაქტიკა შეიცავს ბებერი, საშუალო ასაკისა და ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავების ნაზავს, სავარაუდოდ, აქტიურ გალაქტიკურ ბირთვსაც.
შედეგები ემთხვევა შარშან გამოქვეყნებულ ორ კვლევას, რომლებშიც მეცნიერებმა მოახდინეს იმ ქარების მოდელირება, რომლებიც წარმართავენ გალაქტიკების მიმდებარე სივრცეს.
ბუშტების სიჩქარე და ზომა კარგად ემთხვევა იმ ქარებისას, რომლებიც წარმოქმნილია გალაქტიკათა შეჯახებით გამოწვეული მასიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესით. შესაბამისობაშია ამ ქარების სიჩქარის თეორიულ მოდელებთანაც.
ქარების ქვიშის საათის ფორმა ჰგავს სხვა გალაქტიკებში შემჩნეულ ასეთ მახასიათებლებსაც. თუმცა, განსხვავებულია ზომა, რადგან ამ მასშტაბის გალაქტიკური ქარი ასტრონომებს ჯერ არასოდეს უნახავთ.
სწორედ აქ დგინდება კავშირი გალაქტიკურ ქარებსა და გალაქტიკათა გარშემო სივრცეს შორის.
რუპკეს განმარტებით, ახლა უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გალაქტიკათა გარშემო სივრცეში სწორედ გალაქტიკიდან ამოსული გაზი მოძრაობს, თანაც წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით.
ჯგუფის თქმით, ეს გახლავთ ერთ-ერთი მასიურ გალაქტიკათა გარშემო სივრცის წარმოქმნისა და განვითარების პირველი პირდაპირი ფანჯარა.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია keckobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.