ცესკოში განმარტავენ, რომ აპარატის ფუნქციების განახლება შტატების შემცირებას არ გულისხმობს და თითოეული თანამშრომელი საქმიანობას განახლებული ფუნქციების შესაბამისად განაგრძობს
ცესკოში განმარტავენ, რომ აპარატის ფუნქციების განახლება შტატების შემცირებას არ გულისხმობს და თითოეული თანამშრომელი საქმიანობას განახლებული ფუნქციების შესაბამისად განაგრძობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ფუნქციების რეორგანიზციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცეკოში განმარტავენ, რეორგანიზაცია არ გულისხმობს შტატების შემცირებას და თითოეული თანამშრომელი საქმიანობას განახლებული ფუნქციების შესაბამისად განაგრძობს.

მათივე ცნობით, რეორგანიზაციის პროცესის თაობაზე კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი განკარგულებით კომისიამ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რეორგანიზაცია განახორციელა. საარჩევნო ადმინისტრაციამ იმგვარად გადაანაწილა ფუნქციები, რომ უფრო ეფექტური გახდეს თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა, რაც ნიშნავს, რომ მოხდა ცესკო-ს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის იმგვარად დახარისხება, რითაც ზოგადად ხელი ეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებას.

ამ პროცესის თაობაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 მარტს გაიმართა სხდომა და კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი განკარგულებით კომისიამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება ახალი საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება კი სხდომის დასრულებისთანავე გასაჯაროვდა ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე და სხდომაზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი ძალაში შევა 2021 წლის 15 მარტიდან. ცესკოში განხორციელებული რეორგანიზაცია არ გულისხმობს შტატების შემცირებას; შტატების რიცხოვნობა რჩება იგივე და თითოეული თანამშრომელი აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და გააგრძელებს საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას სტრუქტურული ერთეულების განახლებული ფუნქციების შესაბამისად. თუმცაღა, დღეს 6 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს შტატები მოულოდნელად გაიზარდა, პროცესი წარიმართა ერთი დღის ვადაში და დაირღვა კანონმდებლობა, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის თაობაზე არ მიაწოდა ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს,  რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

არხის ჟურნალისტმა ფუნქციების განახლებული გადანაწილება დაუკავშირა 2021 წელს დაგეგმილი არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას. აღნიშნული კი წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის კიდევ ერთ მცდელობას, ვინაიდან სტრუქტურული ფუნქციების განახლებული გადანაწილება სიუჟეტის მიხედვით, მიზანმიმართულად არის დაკავშირებული არჩევნების გაყალბებისთვის მზადებასთან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული თანამშრომელი კი აგრძელებს საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციაში და კანონმდებლობის სრული დაცვით მათი მოვალეობების შესრულებას განახლებული ფუნქციების შესაბამისად გააგრძელებენ მიმდინარე წლის 15 მარტიდანაც, როცა ძალაში შევა შესაბამისი განკარგულება განახლებული საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი და ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას კომისიაში მიმდინარე პროფესიული საქმიანობების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი