ცესკო-მ საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საია-ს საჩივრები არ დააკმაყოფილა
ცესკო-მ საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საია-ს საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და საია-ს ერთი დღე აქვთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების შესახებ შესაბამისი საჩივრები დაწერილი ჰქონდა ექვს პოლიტიკურ სუბიექტს; ესენი არიან – პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო- მოძრაობა საქართველოსთვის“, პოლიტიკური გაერთიანება „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“, პოლიტიკური გაერთიანება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობისთვის“, საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საჩივრები ძირითადად საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ეხებოდა. მაგალითად „ევროპული საქართველო“ 30 ოლქის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას მოითხოვდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, 29 ოლქის შედეგებს ასაჩივრებდა.

ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული პირველი საკითხი იყო.

ცესკო-ში სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ 22 საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე კომისიის წევრებმა მათ შორის შეაჯამეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები. დღის წესრიგით შეჯამდა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებიც, ასევე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები. კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულებაზეც.

სხდომა 18:00 საათზე დაიწყო და დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრები შევიდნენ და თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს. სხდომის პარალელურად ცესკო-ს შენობასთან აქცია იმართებოდა.