ბუჯარ ოსმანი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ეუთო-ს საჭიროებას განსაკუთრებით ხაზს უსვამს, მსოფლიოს სჭირდება ეფექტური ორგანიზაცია, ყველამ უნდა გავაძლიეროთ ეუთო
ბუჯარ ოსმანი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ეუთო-ს საჭიროებას განსაკუთრებით ხაზს უსვამს, მსოფლიოს სჭირდება ეფექტური ორგანიზაცია, ყველამ უნდა გავაძლიეროთ ეუთო

რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეუთო-ს, როგორც ორგანიზაციის საჭიროებას, – ამის შესახებ ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუჯარ ოსმანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლის ველსა და პოლიტიკურ დედაქალაქებში არსებული ვითარება ცხადყოფს ამ ორგანიზაციის საჭიროებას.

„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეუთო-ს, როგორც ორგანიზაციის, საჭიროებას. ამ ვითარებაში, ეუთო-მ აჩვენა მდგრადობა შექმნილ რთულ გარემოში. როდესაც ომის მეცხრე თვეში შევდივართ, ბრძოლის ველსა და პოლიტიკურ დედაქალაქებში არსებული ვითარება ამ ორგანიზაციის საჭიროებას ისე ცხადყოფს, როგორც არასდროს. ეს ჩვენმა გუშინდელმა დისკუსიებმაც დაადასტურა. ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ ეუთო-ს რელევანტურობის სასარგებლოდ და ბევრი მიზეზი, რატომ უნდა არსებობდეს ეს ორგანიზაცია. მე ვუერთდები ამ ხმების ექოს და აუცილებლად დავნერგავ მათ ჩვენი თავმჯდომარეობისას. მსოფლიოს სჭირდება ეფექტური, ფუნქციური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და ჩვენ, ყველამ, უნდა გავაძლიეროთ ეუთო. დღევანდელი ვითარება გვაიძულებს არა უბრალოდ ვისხდეთ და ველოდოთ, არამედ ვიმოქმედოთ და მოვემზადოთ“, – განაცხადა ბუჯარ ოსმანმა.

ამასთან, ბუჯარ ოსმანმა ეუთო-დან რუსეთის გარიცხვის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროდ, არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები ორგანიზაციიდან ნებისმიერი წევრის გასარიცხად.

„რაც შეეხება შეკითხვას რუსეთის გარიცხვისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალოთ კონსენსუსის წესი. ჩემი პასუხია, რომ ამ წესის შესაცვლელად ასევე კონსენსუსია საჭირო. სამწუხაროდ, არ არსებობს არც ქცევის წესები და არც სამართლებრივი საფუძვლები ორგანიზაციიდან ნებისმიერი წევრის გასარიცხად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს სივრცე მუშაობის ან ეუთო-ს დღის წესრიგის განსასაზღვრად. უამრავი მექანიზმია, რომელთა დანერგვაც შესაძლებელია. ეს უკვე ამოქმედებულია, მათ შორის მოსკოვის მექანიზმი. ვეცდებით ყველა ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, ერთი მხრივ, პროცესში ჩავუშვათ ჩვენი გეგმები, მეორე მხრივ, შევქმნათ სივრცე დიალოგისთვის“, – აღნიშნა მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.