ბიძინა კულუმბეგოვი - კორონავირუსის ინდური შტამი 15-დან 50 პროცენტამდე მეტად გადამდებია, ვიდრე საწყისი შტამი
ბიძინა კულუმბეგოვი - კორონავირუსის ინდური შტამი 15-დან 50 პროცენტამდე მეტად გადამდებია, ვიდრე საწყისი შტამი

ინდური ვარიანტი აჩვენებს, რომ ის 15-დან 50%-მდე უფო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი, დაახლოებით იმავე ფარგლებშია, რაშიც ბრიტანული შტამია და დღეს ჩვენთან დომინანტურია, – აცხადებს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

კულუმბეგოვის თქმით, შესაბამისად, გადაცემის სიხშირისა და სისწრაფის თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა.

„რაც შეეხება, რას გვანახებს თვითონ დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არავითარი მინიშნება, რომ ინდური ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს.

რაც შეეხება იმას, ინდურ ვარიანტზე მოქმედებს თუ არა თანამედროვე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ინფორმაცია, რომელსაც დღეს ვფლობთ, მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან მხოლოდ ეხება „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“, მათი ეფექტურობა შემცირებულია. მაგრამ ეფექტურობა „ფაიზერისთვის“ შემცირებულია 94%-დან 88%-მდე. „ასტრაზენეკასთვის“ 66%-დან 60%-მდე, რაც შეეხება „სინოფარმზე“ და „სინოვაკზე“ ჯერჯერობით ასეთი ტიპის კვლევა არ გვაქვს. შესაბამისად, არ ვიცით, მტკიცებითი ფორმატით, ვამტკიცოთ, მოქმედებენ თუ არა; მაგრამ, ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ზუსტი ანალოგი ვაქცინა აქვს ინდოეთს. ეს არის ვაქცინა, რომელსაც ჰქვია „კოვაქსინი“, სადაც არის ზუსტად ინაქტივირებული ვირუსი, იგივე ტექნოლოგიით დამზადებული. „კოვაქსინის“ კვლევამ აჩვენა შემცირებული ეფექტურობა, მაგრამ მაინც ვერ ეკარება ინდური ვარიანტი ამ ვაქცინით აცრილ ადამიანებს და ის მაინც მუშაობს. ამიტომ სამედიცინო ლოგიკიდან გამომდინარე, ვიდრე კვლევები შემოგვესწრება, ყველას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მაინც ინაქტივირებული ვაქცინები, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან ადამიანს დაიცავს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

​ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, რა გველოდება საქართველოში ინდური შტამის გავრცელების შემთხვევაში. მისი თქმით, არავითარი სერიოზული გავლენა მას არ ექნება.

„თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტრაექტორიით, რომლითაც დღეს მივდივართ, ვაქცინაციის მოცვითა და ხარისხით, პაციენტების ავადობითა და პირბადის ტარების მაჩვენებლით, ყველა პროგნოზირებადი ინსტიტუტი გვეუბნება, რომ აგვისტოს ბოლოდან შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში შეიძლება, გაგვეზარდოს. ზაფხულის პერიოდი მეტ-ნაკლებად მშვიდი იქნება. 130 000 ადამიანის ვაქცინაცია ჩვენი ქვეყნისთვის ცოტაა. ეს უნდა გაიზარდოს. თუ შემოდგომამდე დასახულ მიზნებს გარკვეულწილად მივუახლოვდებით, მაშინ გვექნება იმედი, რომ შემოდგომის მეოთხე ტალღა არ იქნება ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ვაქცინაციის ტრაექტორიით დასახული მიზნებიდან შორს ვართ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე დღეში მინიმუმ 10 ათასიდან 15 ათასამდე ვაქცინა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.