ბიძინა კულუმბეგოვი - აუცრელებისთვის ფასიანი მკურნალობა ამ ეტაპზე არაჰუმანურ ნაბიჯად მიმაჩნია, მაგრამ დროა, სახელმწიფომ ქმედით ღონისძიებებს მიმართოს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც ადამიანებს ვაქცინაციისკენ უბიძგებს
ბიძინა კულუმბეგოვი - აუცრელებისთვის ფასიანი მკურნალობა ამ ეტაპზე არაჰუმანურ ნაბიჯად მიმაჩნია, მაგრამ დროა, სახელმწიფომ ქმედით ღონისძიებებს მიმართოს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც ადამიანებს ვაქცინაციისკენ უბიძგებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მწვანე საშვთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების განხილვას საკმაოდ ხანგრძლივი დრო დაეთმო. მისივე თქმით, ამ კუთხით ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად არის გადასადგმელი. 

„ვერ გეტყვით, რატომ წელავენ დროს, რასაკვირველია, ეს დაგვიანებულია. რაც შეიძლება სწრაფად არის ეს ნაბიჯი გადასადგმელი. ტექნიკური დეტალები ამდენი ხანი არც უნდა ყოფილიყო განხილული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება გარკვეულ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს, კულუმბეგოვის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს.

ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვმა შეაფასა არავაქცინირებული პირების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გუშინ გაცხადებული ინიციატივა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს არაჰუმანური ნაბიჯი იქნება.

„მიზნობრივი ვაქცინაცია – სავალდებულო იგივე ექიმებში და ასე შემდეგ, ამაზე უნდა იყოს ფართო დისკუსია და გადაწყვეტილება სწრაფად მიღებული. რაც შეეხება ფასიან მკურნალობას აუცრელებისთვის, ამ ეტაპზე ეს არაჰუმანურ ნაბიჯად მიმაჩნია, თუმცა შეიძლება, შინაგანად, როგორც ერთი ადამიანი, ამის წინააღმდეგი არ ვიყო. ამას მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს და ჩვენი ქვეყანა ნუ გამოიგონებს რაღაც ახალს. ამ ეტაპზე სჯობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი გადავარჩინოთ ამ ვერაგი ვისურის მძიმე დამაზიანებელი დაავადებისგან და სიკვდილისგან, დანარჩენი საკითხები მეორე მხარეს უნდა გადავდოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მან პანდემიის პერიოდში ვაქცინაცის სარგებელზეც ისაუბრა და მოქალაქეებს აცრებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია თუნდაც ვაქცინაციის საყოველთაობა. 100-პროცენტიანი მოცვა არ მოგვცემს სრულ გარანტიას, რომ ინფექცია არ იქნება, მაგრამ 70-80 პროცენტიანი ნიშნული ქვეყანას აძლევს საშუალებას, ტალღები აღარ არსებობდეს და კოვიდსასაკლაო გადაიქცეს მართვად პანდემიად. ეს უნდა გააცნობიეროს ყველა მოქალაქემ. შეიძლება, ჩვენ შორის ორჯერ ვაქცინირებულებიც ავად გავხდეთ, ჰოსპიტალშიც მოვხვდეთ, მაგრამ ეს იქნება 10-11 ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს, ამის მოვლა ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ამ ვითარებაში 600 ადამიანი იქნება ყოველდღიურად ავადობა, სიკვდილობა 3-4 ადამიანზე ჩამოვა, პანდემიას მართვადი სახე ექნება და არა სრულად გაქრება ვირუსი, ეს შეუძლებელია. როგორც ჩანს, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა, კორონავირუსის ეს ვარიანტიც იქნება ადამიანებს შორის. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვი ამბობს, დროა, სახელმწიფომ ქმედით ღონისძიებებს მიმართოს და გამოიყენოს ყველა შესაძლო ბერკეტი, რომელიც ადამიანებს ვაქცინაციისკენ უბიძგებს.

„მიმდინარე ვაქცინაციის დაბალი მაჩვევენებლის ფონზე არაფერი კარგი მოლოდინი არ გვაქვს. გამოწვევები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, პროგნოზირებადი, გათვლადი იყო. აქ არაფერი უცხო და სიურპრიზი არ ხდება. სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს, დროა, სახელმწიფომ ქმედით ღონისძიებებს მიმართოს და გამოიყენოს ყველა შესაძლო ბერკეტი, რომელიც ადამიანებს მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი მედიკამენტის გაკეთებისკენ უბიძგებს, ამ პრეპარატს ეწოდება ვაქცინა. რასაკვირველია, ვაქცინაციის ინტენსივობა უნდა გავზარდოთ, დისტანცია დავიცვათ და პირბადე გამოვიყენოთ, მეტი არაფერი დაგვრჩენია. რეალურად, ამ ბერკეტების გამოუყენებლობა ყოველდღიურად ჩვენი ათეულობით თანამოქალაქის სიცოცხლის ხელყოფაში ითარგმნება. ამიტომ ჩვენ რეალურად შევდივართ სერიოზული პანდემიის ფაზაში. ზამთრის, გაზაფხული შემოდგომის სეზონი არის რესპირატორული დაავადებების გავრცელების იდიალური პერიოდი, ამიტომ პრაქტიკულად, ჩვენ გვექნება ინფიცირების მაღალი ნიშნული. მით უმეტეს, როცა მოხსნილია ყველანაირი რეგულაციები. პანდემიის მიმდინარეობის ამ ეტაპზე მობილობის შეზღუდვა არ ვლინდება, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს შემაკავებელი ფაქტორები პრაქტიკულად არ არსებობს. წინასაარჩევნო პროცესში განსაკუთრებით გაზრდილი იყო თავშეყრები, მობილობა, რომელთა შედეგებს ჩვენ ახლა ვიმკით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სახელმწიფოს, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის სწრაფად აამუშაონ რეგულაციები, რომელიც გულისხმობს მიზნობრივ ჯგუფებში თუნდაც სავალდებულო ვაქცინაციას და საყოველთაო კოვიდპასორტების წესის ამოქმედებას, რომელიც მოიაზრებს ადამიანებისთვის ალტერნატივების შეთავაზებას დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში. სადაც ვრცელდება ინფექცია, ადამიანი იყოს აცრის ან ახალი ტესტირებულის სტატუსით. ეს მოგვცემს საშუალებას, ყოველდღიური ციფრები დრამატულად შევამციროთ, თუნდაც შემდგომი ორი-სამი კვირის განმავლობაში. ამიტომ სწრაფად არის გადაწყვეტილებები მისაღები“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.