ბიძინა გეგიძის ფრაქცია სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის ინიციატივით გამოდის
ბიძინა გეგიძის ფრაქცია სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას ითხოვს.

ბიძინა გეგიძის ფრაქციამ შესაბამისი ცვლილებები „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონში მოამზადა, რომლის ინიცირება გუშინ მოხდა.

კანონპროექტი ერთი მხრივ, სპორტული ობიექტების ცნებას, მათი მოწყობის, შენარჩუნებისა და განვითარების საფუძვლებს აყალიბებს, მეორე მხრივ კი, სპორტული და გამასაჯანსაღებელი ტერიტორიებისა და ობიექტების მიმართ მიდგომას ცვლის.

კერძოდ, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორია არის – დასახელებული ან დაუსახლებელი ტერიტორია, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია სპორტი, ტურიზმი და რეკრეცია, მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს, ასევე სპორტული, ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანთა დასვენებისთვის, მათი სპორტული და რეკრეაციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მათ შორისაა გამწვანებული ტერიტორია, მიწის ნაკვეთი, რომლის ტერიტორიის არანაკლებ 80 პროცენტი დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო მოედნით, ბილიკებით ან ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოწყობილი იყოს დასასვენებელი/გასართობი ადგილები (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), რომლის ფართი 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აღემატება.

ამასთან, ინიციატივით განისაზღვრება, რომ სპორტულ-სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს მთავრობა ამტკიცებს.

ცვლილებებით, მთავრობა უფლებამოსილია, აღნიშნული რეგულირების წესების დამტკიცების განსხვავებული წესი განსაზღვროს.