გია ვოლსკი - დაგროვდა საკითხები, სადაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, ეს არის გეგიძის უმრავლესობიდან გაყვანის გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი
გია ვოლსკი - დაგროვდა საკითხები, სადაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, ეს არის გეგიძის უმრავლესობიდან გაყვანის გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი

საპარლამენტო უმრავლესობაში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ბიძინა გეგიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, დაგროვდა საკითხები, რომლებთან მიმართებითაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა.

„თქვენც იცით და საზოგადოებამაც, რომ „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა, თუნდაც განსხვავებული აზრის საზოგადოებისათვის საყურადღებოდ გამოთქმა არასდროს ყოფილა სკანდალური თემა და რიგგარეშედ არასდროს განიხილებოდა. მაგრამ დაგროვდა საკითხები, სადაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამასთან დაკავშირებით არც თვითონ გამოუჩენია ოდესმე უმრავლესობის მუშაობაში მონაწილეობის მიღების სურვილი და რასაკვირველია, აქედან გამომდინარეობს. ეს არის მთავარი საფუძველი უმრავლესობის გადაწყვეტილებისა, რომ ბიძინა გეგიძე გაყვანილ იქნას უმრავლესობის შემადგენლობიდან, რაც ვფიქრობ, ნორმალური, ცივილიზებული გადაწყვეტილებაა, დამახასიათებელი ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს პოლიტიკისათვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა უმრავლესობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას მანდატის შეჩერების საკითხს, რომ ამ საკითხის გარდა იყო შეუთანხმებელი განცხადებები.

„ამის გარდა, იყო გამონათქვამები პოზიცია, თუნდაც შეუთანხმებელი განცხადებები, რომელიც ეხება არამარტო მელიას თემას, არის კიდევ სხვა ბევრი თემა, იქ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც სადავო არ შეიძლება რამე ჰქონოდა, თუნდაც იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა შს მინისტრის გადადგომას, როცა ყველას კარგად ესმოდა, რომ შს მინისტრზე არ იყო აქ საუბარი, აქ იყო საუბარი მცდელობაზე, ტოლობის ნიშანი დაესვათ დანაშაულებრივ ქმედებებთან, რომელიც გააჩნდა წინა ხელისუფლებას დღევანდელ სიტუაციას შორის და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ბოლო დროს მოისმინეთ თქვენ განცხადებები, რომ დაელოდება და მერე მიიღებს თავის პოზიციას, დარჩება თუ არა უმრავლესობაში. ვფიქრობ, ეს გარკვეული ულტიმატუმია, რაზედაც, რა საკვირველია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ დარჩებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით გულგრილი, ასე რომ, ვერ ვხედავ ამაში ტრაგედიას ან სკანდალურ თემას. პოლიტიკოსები სცილდებიან ერთმანეთს, პოლიტიკოსები უკავშირდებიან ერთმანეთს და ამ შემთხვევაში ეს დაცილება გახდა გარდაუვალი აუცილებლობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ უკვე ფრაქცია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„ფრაქცია უახლეოს პერიოდში უნდა შეიკრიბოს და აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. ასევე, ვფიქრობ, პოლიტსაბჭოშიც უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ვინაიდან ჩვენ აღარ ვართ ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე. ამასთან დაკავშირებით ალბათ კიდევ იქნება დამატებითი განცხადებები, როგორც მისი მხრიდან, თუ საჭირო იქნება, ჩვენი მხრიდანაც დაზუსტებები იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი