ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელი ჯერ არ მოუწერია, რადგან გამოძიებისთვის გაცემულ პასუხებში ცვლილებების შეტანა სურს
ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელი ჯერ არ მოუწერია, რადგან გამოძიებისთვის გაცემულ პასუხებში ცვლილებების შეტანა სურს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.

ანტიკორუფციულ სააგენტო დაინტერესებული იყო ბიძინა გეგიძის 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობით, როდესაც ის საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, მასთან კითხვები ფოსტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„როგორც განაცხადა ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ეს ეხებოდა ჩემს წინა სამსახურს, „საქართველოს ფოსტაში“ ჩემს საქმიანობას. კერძოდ, ეს ეხება „საქართველოს ფოსტის“ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ხდებოდა ფოსტის კუთვნილებაში მყოფი ობიექტების, ქონების აუქციონის წესით გაყიდვა, რადგანაც მომხდარიყო შემდეგ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია, ანუ ახალი სერვისცენტრების მშენებლობა და ა.შ. აუქციონს ატარებდა სახელმწიფო „საქართველოს ფოსტაში“, ხდებოდა აუქციონში შესატანი ობიექტების სიის მომზადება და მთელი ამ პროცესის, გადაწყვეტილების მიღება, რომ რომელი ობიექტები შეიძლებოდა გასულიყო აუქციონზე. კითხვები იყო ამ პროცესის ირგვლივ. ვთქვათ, როგორ ხდებოდა შეფასება ობიექტების. შეფასებას ახდენდა ჩვეულებრივად აუდიტი, რომელთანაც კომპანიას ჰქონდა ხელშეკრულება, ფასების ცვლილება როგორ ხდებოდა და ასეთი კითხვები იყო“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

გეგიძე მიიჩნევს, რომ აუქციონის პროცესზე „საქართველოს ფოსტის“ ვერც ერთი თანამშრომელი გავლენას ვერ მოახდენდა.

„ელექტრონულ აუქციონზე რომ გადის გასაყიდი ობიექტი, „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილება მთავრდებოდა იქ, როდესაც მოამზადებდა სიას იმ ობიექტების, რომელიც გადიოდა აუქციონზე. ვერანაირ გავლენას აუქციონის პროცესზე ვერ მოახდენდა „საქართველოს ფოსტის“ ვერც ერთი თანამშრომელი და წარმომადგენელი”,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, მას სუს-ში მისვლა კვლავ მოუწევს, ვინაიდან გამოკითხვის ოქმზე ხელი ჯერ არ მოუწერია. დეპუტატი განმარტავს, რომ მას გამოძიებისთვის გაცემულ პასუხებში ცვლილებების შეტანა სურს, მისი აზრის სწორი ფორმულირების მიზნით.

„ერთია, როდესაც საუბრობ ზეპირად და მეორეა, როდესაც ეს გადადის ოქმის სახით, დოკუმენტი უნდა შეიქმნას ანუ გამოკითხვის ოქმი. ჩემი უფლება არის, რომ შესწორებები შევიტანო უკვე ამ ლაპარაკის შემდგომ ოქმში, დამატებები, ა.შ. შეიძლება დამჭირდეს ის, რომ გამართული იყოს ბოლომდე ჩემი აზრი, რა აზრიც გადავეცი. ამისთვის უნდა მოვიფიქრო, რა შესწორებებს შევიტან. დღევანდელ ოქმზე ხელი ჯერ არ მომიწერია. დღევანდელი (გამოკითხვა) დასრულდა, ოქმში აისახა შინაარსი, მაგრამ ჩემი აზრი, რაზეც ვპასუხობდი არ არის ისე ასახული, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება. ჩემი პასუხები რომ წავიკითხე, არ მომეწონა აზრობრივად და მინდა უფრო გამართული იყოს და ყველასთვის ნათელი, რომ ყველამ გაიგოს ცალსახად“,- განაცხადა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გასულ წლებში მისი საქმიანობით გამოძების დაინტერესებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

„სამ წელიწადზე მეტია, ვარ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული და როდესაც ხდება გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარება, შეხვედრა, თავისთავად, პოლიტიკასთან კავშირშია, ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან, რადგან პოლიტიკოსი ვარ. ჩემს პოლიტიკურ პერსონას ვუკავშირებ ამ თემას“,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

დეპუტატმა მედიასთან განმარტება იმის შესახებაც გააკეთა, რა შემთხვევაში დატოვებს ის საპარლამენტო უმრავლესობას.

„ჩემი უმრავლესობაში ყოფნა არ ყოფნის გადაწყვეტილება უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პროცესს, ანუ სიას, რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი ან არ დაამტკიცებს. ეს ჯერ კიდევ დეკემბერში ვთქვი, იმიტომ რომ სასამართლო არის მთავარი ინსტიტუტი სახელმწიფოსი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ნდობით უნდა საზრდოობდეს და არა სხვა კონკრეტული მიზნებით“,- განაცხადა გეგიძემ.