ბიძინა გეგიძე მთავრობის დამტკიცების სხდომას ბოიკოტს უცხადებს
ბიძინა გეგიძე მთავრობის დამტკიცების სხდომას ბოიკოტს უცხადებს

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით სარგებლობს, ბოიკოტს უცხადებს დღევანდელ პლენარულ სხდომას, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

აღნიშნულის შესახებ დეპუტატი თავად წერს სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეტყობინება სოციალური ქსელის – WhatsApp-ის მეშვეობით გაუგზავნა.

„ქვემოთ აღნიშნული შეტყობინება გავაგზავნე WhatsApp-ის საშუალებით:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონო არჩილ,

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გაცნობებთ, რომ ჩემი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატის, პოლიტიკური შეხედულებების გამო, უარს ვაცხადებ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. შესაბამისად, არ დავესწრები დაგეგმილ პლენარულ სხდომას“, – წერს გეგიძე „ფეისბუქში“.

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს, ხოლო გარიცხვის შესახებ შეტყობინება მაჟორიტარმა სწორედ WhatsApp-ის მეშვეობით გაიგო.