ბეთელგეიზეს ახალი, დეტალური ფოტოები — რა ხდება აფეთქებისთვის განწირული ვარსკვლავის თავს
ბეთელგეიზეს ახალი, დეტალური ფოტოები — რა ხდება აფეთქებისთვის განწირული ვარსკვლავის თავს

2019 წლის ბოლოს ასტრონომებმა შენიშნეს, რომ წითელი გიგანტი ვარსკვლავი ბეთელგეიზე მნიშვნელოვნად ჩაბნელდა და ეს პროცესი მომდევნო თვეებშიც განაგრძო.

ბეთელგეიზე ცვალებადი ვარსკვლავია და შესაბამისად, ჩაბნელებისა და აკაშკაშების ციკლები ახასიათებს, თუმცა ამ შემთხვევაში გასაკვირი ის არის, რომ ჩაბნელებას ის ახლაც განაგრძობს და ცოტა ხნის წინ, მისი ვარსკვლავიერი სიდიდე 1,56-მდე ჩამოვიდა. მსგავსი რამ უპრეცედენტოა მას შემდეგ, რაც ასტრონომები ბეთელგეიზეს აკვირდებიან.

მსოფლიოს უმძლავრესი ტელესკოპები ბეთელგეიზესკენ არის მიმართული; ევროპის სამხრეთული ობსერვატორია (ESO) ბეთელგეიზეს ახალ დრამატულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს ვარსკვლავის ზედაპირისა და შემოგარენის მახასიათებლები; კარგად ჩანს მისი ბოლოდროინდელი დრამატული ცვლილებაც.

ყველა ჩვენგანს გვინდა, რომ ბეთელგეიზე სუპერნოვად აფეთქდეს; მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომები ვერაფერს ამბობენ, მაინც მიანიშნებენ, რომ აფეთქება ალბათ არ მოხდება. აფეთქება მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, მაგრამ შანსი იმისა, რომ ეს ჩვენს სიცოცხლეში მოხდეს, წარმოუდგენლად მცირეა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ბეთელგეიზეს ჩვეულებრივ, დროებით ცვლილებასთან და ის კვლავ დაიბრუნებს თავის რეგულარულ სიკაშკაშეს.

ყველამ კარგად ვიცით ისიც, რომ ნებისმიერი რამ, რაც ბეთელგეიზეს ზედაპირზე ხდება, სინამდვილეში ასობით წლის წინ მოხდა, რადგან ეს ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 650 სინათლის წლით არის დაშორებული. თუმცა, ასტრონომები მოვლენებზე ლაპარაკობენ იმ დროში, როდესაც აკვირდებიან და არა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დრო დასჭირდა მის სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად.

მსოფლიოს მრავალმა ტელესკოპმა მზერა ბეთელგეიზესკენ მიმართა, რათა ასეთი უცნაური ქცევის დროს ვარსკვლავზე დაკვირვების შანსი ხელიდან არ გაეშვათ.

ბეთელგეიზეს დანახვა საკმაოდ ადვილია. ჩვეულებრივ, ის ღამის ცის მე-11 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და მდებარეობს ორიონის თანავარსკვლავედში, საკმაოდ გამოსაჩენ ადგილას. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეში ის ჩვეულებრივთან შედარებით 38 პროცენტით ჩაბნელდა და ღამის ცის 24-ე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად გადაიქცა.

ბეთელგეიზესთვის ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია. შიდა ტემპერატურის აწევა-დაწევასთან ერთად, ვარსკვლავი იზრდება და იკუმშება, ზუსტად ისე, როგორც გული მოქმედებისას.

მის ზედაპირზე აურაცხელი კონვექციური უჯრედია, რომელთა დუღილი წარმოქმნის კაშკაშა და ბნელ რეგიონებს; გარდა ამისა, მუდმივად ისვრის მტვერს, რომელიც გარკვეული ხნით ბინდავს ჩვენგან მის ხედვას.

2019 წლის დასაწყისიდან, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ასტრონომებმა ბეთელგეიზეს ზედაპირზე ძალიან დეტალური დაკვირვებები ჩაატარეს მათ ხელთ არსებული უმძლავრესი ტელესკოპებით.

წლის ბოლოს მათ ვარსკვლავის ზედაპირზე უზარმაზარი განსხვავება შენიშნეს, დააფიქსირეს მის გარშემო არსებული მტვრის ღრუბელიც, რომელიც მას ათასწლეულების განმავლობაში ფარავს.

უახლესი ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ ხედავთ, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდმა ტელესკოპის (Very Large Telescope) ინსტრუმენტმა SPHERE-მა (ეგზოპლანეტების კვლევის მაღალკონტრასტული სპექტროპოლარიმეტრული ინსტრუმენტი) გადაიღო.

SPHERE ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ინსტრუმენტია, რაც კი დედამიწის ზედაპირზე ფუნქციონირებს. მისი საშუალებით, ასტრონომები ხედავენ იმ პოლარიზებულ ინფრაწითელ სინათლეს, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო ახლად წარმოქმნილი ეგზოპლანეტებიდან მოდის.

მიუხედავად სხვა დანიშნულებისა, SPHERE-მა ბეთელგეიზეს მაღალი რეზოლუციის კადრებიც ბრწყინვალედ გადაიღო.

ბეთელგეიზე იმდენად ახლოსაა და იმდენად დიდია, რომ ტელესკოპები დედამიწიდან მის ზედაპირს დისკოს სახით ხედავენ. ჩანს ისეთი ინდივიდუალური მახასიათებლებიც, როგორიცაა კონვექციური უჯრედები.

მოდი, ჯერ ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდა ბეთელგეიზე 2019 წლის იანვარში SPHERE-ის კადრებში. კარგად ხედავთ, რომ ვარსკვლავი კაშკაშა სფეროს ჰგავს.

ახლა კი შეხედეთ, როგორს ხედავდა SPHERE მას 2019 წლის დეკემბერში. ადვილად შესამჩნევია უზარმაზარი კაშკაშა ლაქა ვარსკვლავის ზედა ნაწილში, ქვემოთ კი ჩაბნელებული რეგიონი.

ალბათ გახსოვთ ცოტა ხნის წინ დენიელ კეი ინოუეს ახალი ტელესკოპის მიერ გადაღებული მზის ზედაპირის კონვექციური უჯრედები; ეს გახლავთ ვარსკვლავის წიაღიდან ამოსული და კოსმოსში გამოთავისუფლებული ცხელი გაზის ბუშტები.

მზის ზედაპირზე, ამ უჯრედების სიგანე 1000 კილომეტრსაც აღწევს. თუმცა, ბეთელგეიზეს შემთხვევაში, მათი ზომა შეიძლება მთლიანი ვარსკვლავის ზომის 60 პროცენტიც კი იყოს, ანუ ასობით მილიონი კილომეტრი სიგანის.

ფოტოზე ასახული კაშკაშა რეგიონი შესაძლოა ერთ-ერთი ასეთი გიგანტური კონვექციური უჯრედი იყოს, ჩაბნელებულმა რეგიონმა კი ახსნას ბეთელგეიზეს ასე ძალიან ჩაბნელების მიზეზი. ამ სცენარისთვის კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რადგან არსებობს სხვა ახსნაც.

კიდევ ერთი მოსაზრება, რომელზეც ასტრონომები მუშაობენ, არის ის, რომ ბეთელგეიზემ მტვრის ღრუბელი ამოტყორცნა, რომელიც ნაწილობრივ ბინდავს ჩვენს ხედვას. იმის გასარკვევად, მართლაც ასე მოხდა თუ არა, ასტრონომებმა ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) კიდევ ერთი ინსტრუმენტი, სახელად VISIR-ი გამოიყენეს.

VISIR-ის მთავარი დანიშნულება ახლომდებარე ვარსკვლავებთან სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების ძებნაა, თუმცა მან მშვენივრად გაართვა თავი ბეთელგეიზეს მიმდებარე გარემოს დეტალების გამოაშკარავებასაც.

ამ ფოტოზე ხედავთ იმ მტვრის მიერ გამოცემულ ინფრაწითელ სინათლეს, რომელიც 2019 წლის დეკემბერში ბეთელგეიზეს ერტყა გარს. ისინი ცეცხლის ალებს ჰგავს ვარსკვლავის გარშემო, მაგრამ სინამდვილეში, წარმოადგენს ბეთელგეიზეს მიერ გამოტყორცნილი უზარმაზარი ოდენობის მატერიას; სიცოცხლის ბოლო ეტაპზე მყოფი ვარსკვლავისთვის ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავია.

ინსტრუმენტ VISIR-ის საშუალებით, ასტრონომებმა ვარსკვლავის ყველაზე კაშკაშა, ცენტრალური ნაწილი შავად დაფარეს, რისი წყალობითაც, გამოჩნდა მიმდებარედ არსებული უფრო მკრთალი მატერია.

შედარების მიზნით, ასტრონომებმა შავი დისკოს ცენტრში ჩასვეს ბეთელგეიზეს ორიგინალი ფოტო; აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს ვარსკვლავის ზომა მის გარემომცველ მტვერთან შედარებით. მზის ადგილას მოთავსების შემთხვევაში, ბეთელგეიზე იუპიტერის ორბიტამდე გაივრცობოდა, დანარჩენი კი მტვრის უზარმაზარი ჰალოა.

და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ასტრონომებმა არაფერი იციან იმის შესახებ, აფეთქდება თუ არა ბეთელგეიზე მალე. მიუხედავად ამისა, მაინც ამაღელვებელია, თუ როგორ ჩაბნელდა ის იმასთან შედარებით, როგორიც გვახსოვს; გასაოცარია მისი ზედაპირის მახასიათებლები და გარშემორტყმული მტვერიც, რომელთა ხედებს უმძლავრესი ტელესკოპები გვთავაზობენ.

შეგიძლიათ ღამის მოწმენდილ ცას ახედოთ, მოძებნოთ ორიონის თანავარსკვლავედი და თავად დარწმუნდეთ, რამდენად შეიცვალა ჩვენი ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.

ისღა დაგვრჩენია ვინატროთ, რომ სულ მალე, ერთ მშვენიერ ღამეს, ბეთელგეიზე მართლაც იფეთქებს და შემოგვთავაზებს მომაჯადოებელ სანახაობას, რომლის დანახვის შანსი დედამიწის ბინადრებს მხოლოდ ათასწლეულებში ერთხელ აქვთ.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.