ოფიციალური განაჩენი ცნობილია; წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი ბეთელგეიზე კვლავ იბრუნებს სიკაშკაშის ჩვეულ დონეს და ამასობაში, ასტრონომებმა მისი ტემპერატურაც გაზომეს, რათა გაერკვიათ ბოლოდროინდელი ჩაბნელების მიზეზი.
როგორც ჩანს, ვარსკვლავის სინათლის მერყეობა მისი წიაღიდან არ მოდიოდა და სინამდვილეში, ბეთელგეიზემ მტვრის უზარმაზარი ღრუბელი ამოტყორცნა, რომელმაც მისი სინათლე გარკვეული ხნის განმავლობაში დაბინდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი სულაც არ აპირებს სუპერნოვად აფეთქებას, როგორც ამას ზოგიერთი იმედოვნებდა. ამჟამინდელი ვითარება სრულიად ნორმალურია ბეთელგეიზეს მსგავსი ხნიერი ვარსკვლავისთვის.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრონომის, ემილი ლევესკის განცხადებით, ასეთ რამეს ყოველთვის ვხედავთ წითელ სუპერგიგანტებში და ეს მათი სიცოცხლის ციკლის ნორმალური ნაწილია.
მისი განმარტებით, წითელი სუპერგიგანტები ხანდახან ზედაპირზე ისვრიან მატერიას, რომელიც ვარსკვლავის გარშემო მტვრის სახით კონდენსირდება. როდესაც ცივდება და იფანტება, მტვრის ნაწილაკები შთანთქავს ჩვენი მიმართულებით მომდინარე სინათლის გარკვეულ ნაწილს.
ბეთელგეიზემ ასტრონომთა ყურადღება გასული წლის ბოლოს მიიპყრო, როდესაც მან ჩაბნელება დაიწყო. 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით, მისი სიკაშკაშე მნიშვნელოვნად შემცირდა, იმდენად, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც საკმაოდ შესამჩნევი გახდა.
ამ მოვლენამ გარკვეული მღელვარება გამოიწვია, რადგან ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლის მანძილზე ორიონის თანავარასკვლავედში მდებარე ბეთელგეიზე ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ამ ტიპის ვარსკვლავთა კვალობაზე ის საკმაოდ ბებერია, დაახლოებით 8-8,5 მილიონი წლის. ეს კი მისი სიცოცხლის უკანასკნელი ეტაპია — ბეთელგეიზე კვდება.
დასრულებულია უძველესი ვარსკვლავის მთავარი მიმდევრობის ეტაპიც, ანუ მის ბირთვში წყალბადის სინთეზი; წყალბადი მან გარკვეული ხნის წინ ამოწურა და ახლა ახდენს ჰელიუმის სინთეზს ნახშირბადად და ჟანგბადად.
თანდათანობით, ბეთელგეიზე უფრო და უფრო მძიმე ელემენტთა სინთეზს მოახდენს, საბოლოოდ კი დარჩება მხოლოდ რკინა, რომელიც ბირთვის კოლაფსს გამოიწვევს; შედეგად, ბებერი ვარსკვლავი ეპიკურ სუპერნოვად აფეთქდება.
ასეთი აფეთქების მოახლოების ერთ-ერთი ნიშანი არის ვარსკვლავის სიკაშკაშის დრამატული ჩაბნელება, მაგრამ ასტრონომთა პროგნოზით, სუპერნოვად აფეთქებისაგან ბეთელგეიზეს ჯერ სულ მცირე ათობით ათასი წელიწადი აშორებს.
სწორედ ამიტომ გამოიწვია ბოლოდროინდელმა ჩაბნელებამ ასტრონომთა მღელვარება; მათ განსაკუთრებით აღელვებდათ ის ფაქტი, რომ ჩაბნელება ვარსკვლავის მხოლოდ ერთ ნაწილში მიმდინარეობდა.
გაჩნდა მოსაზრება, რომ მიმდინარეობდა გარკვეული შიდა კონვექციური პროცესი, რომელიც ვარსკვლავის ზედაპირს აციებდა. ასევე უშვებდნენ შესაძლებლობას, რომ სინათლეს ბლოკავდა მასის დაკარგვის დროს ვარსკვლავის მიერ ამოტყორცნილი მტვრისა და გაზის უზარმაზარი ღრუბელი.
სწორედ ამიტომ, ასტრონომებმა ძალიან დეტალური დაკვირვება დაიწყეს. 14 თებერვალს, მათ ჩაატარეს ბეთელგეიზეს სპექტრის ანალიზი, ანუ, სინათლე დაშალეს იმ ტალღის სიგრძემდე, რომელსაც ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ვარსკვლავის ქიმიური შემადგენლობის შესახებ. ბეთელგეიზეს მსგავსი ვარსკვლავი დეტალურ სპექტრში ძალიან კაშკაშაა, მაგრამ სამუშაო დონემდე სინათლის შესამცირებლად, მკვლევრებმა შესუსტების მეთოდი გამოიყენეს.
ერთ-ერთი რამ, რისი გამოაშკარავებაც სპექტრს ე. წ. სპექტრული ხაზების საშუალებით შეუძლია, არის ვარსკვლავის ტემპერატურა. სპექტრის ემისიური ხაზები მიუთითებს, თუ საიდან არის სინათლე გამოყოფილი, შთანთქმის ხაზები კი მიუთითებს, სად შთაინთქმება სინათლე; ცნობილია, რომ სხვადასხვა ელემენტებს სხვადასხვანაირი ხაზები აქვს, რასაც იყენებენ ვარსკვლავის ტემპერატურის გასარკვევად.
მკვლევრები განსაკუთრებით ეძებდნენ ტიტანის ოქსიდის შთანთქმის ხაზებს, რომელიც ცივ გიგანტურ ვარსკვლავთა ზედა ფენებში აკუმულირდება. ტიტანის ოქსიდის სიუხვე შეესაბამება ვარსკვლავის ტემპერატურას.
დაფიქსირებული ოდენობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ ბეთელგეიზეს ტემპერატურა დაახლოებით 3325 გრადუსი ცელსიუსია. სწორედ ასეთი ტემპერატურული მაჩვენებლები დაფიქსირდა 2004 და 2011 წელს ჩატარებული გაზომვების დროსაც.
ეს ტემპერატურა კი მნიშვნელოვნად მაღალია იმაზე, რაც კონვექციური პროცესების დროს უნდა იყოს.
როგორც ლოუელის ობსერვატორიის ასტრონომი ფილიპ მასეი განმარტავს, 2004 წლის სპექტრთან შედარებამ აჩვენა, რომ ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ამან კი უკვე აშკარა გახადა, რომ ჩაბნელებაში დამნაშავე მტვერია.
მართალია, ბეთელგეიზე სუპერნოვად ჯერ არ აფეთქდება, მაგრამ ამჟამად ის ბრწყინვალე შანსს გვაძლევს გიგანტურ ვარსკვლავთა სიცოცხლის ბოლო ეტაპის უკეთესად შესასწავლად.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
მომზადებულია lowell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.