ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრები - იმ ბინაში მცხოვრებლებს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეზოში ხშირად ვხედავდით
იმ ბინაში მცხოვრებლებს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეზოში ხშირად ვხედავდით, თუმცა ვინ იყვნენ, დეტალურად არ ვიცით, – ამის შესახებ პირველ არხს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებმა განუცხადა.
თამაზ ჩიტაევის თქმით, საცხოვრებელი სახლის ეზოში ბინაში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვს ხშირად ხედავდა.
„აქ ქალები დადიოდნენ, ამ ბინაში. ბავშვი ჩამოჰყავდათ. გამარჯობასაც ამბობდნენ ჩვეულებრივ. არ ჩანდნენ საეჭვო პიროვნებები. ესე იგი, ეს წლები ამარაგებდნენ ასაფეთქებელი ნივთიერებებით სახლს. დაბლა ბავშვიც ჩამოდიოდა ასეირნებდნენ. ქალები იყვნენ და ვინ იყვნენ, დეტალურად არ ვიცით“, – აღნიშნა პირველ არხთან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებმა, თამაზ ჩიტაევმა.
შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის მუშაობს ცხელი ხაზი – 2 375029, 599 537040, 2 722222.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.