სუს-ი - სპეცოპერაციისას დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, სამი ლიკვიდირებულია
სუს-ი - სპეცოპერაციისას დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, სამი ლიკვიდირებულია

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, სამი ლიკვიდირებულია – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენაციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

სუს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

ნინო გიორგობიანის თქმით, სპეცოპერაცია დაახლოებით, 18:00 საათისთვის დასრულდა.

“არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. აღნიშნულ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვინდა, ყველა სპეცრაზმელსა და პოლიციელს მადლობა გადავუხადოთ, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენი მოქალაქეები დაიცვეს. აღნიშნული ვითარების გადატანისთვის მოსახლეობას მადლობას ვუხდით, რომელთაც სამართალდამცავებთან ითანამშრომლეს“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირები, გიორგობიანმა უპასუხა, რომ დამატებით კითხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.