ბექა ძამაშვილი - უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, განგრძობადი ოკუპაციის ფარგლებში, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს
ბექა ძამაშვილი - უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, განგრძობადი ოკუპაციის ფარგლებში, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს

ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რაც საქართველოს დარჩა. არის ე.წ. ბორდერიზაცია, მავთულხლართების გაბმა, რომლის შედეგადაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ეთნიკური ქართველების უფლებების შელახვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე დადასტურდა არაერთი უფლების დარღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

„ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების სისტემურ დარღვევასთან. ეს საჩივარი საქართველოს მთავრობამ შეიტანა 2018 წელს. თვითონ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რაც საქართველოს დარჩა, ეს არის ე.წ. ბორდერიზაცია, მავთულხლართების გაბმა, რომლის შედეგადაც, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ეთნიკური ქართველების უფლებების შელახვა. სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა. გარდა იმისა, რომ დადასტურდა არაერთი უფლების დარღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავის მხრივ, ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი განმარტებაც გააკეთა, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ეს მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული.

„ასევე, უკანონოდ გამოცხადდა ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი მთლიანად. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, ნებისმიერი შეზღუდვა თუ ქმედება, რომელსაც დე ფაქტო ორგანოები განახორციელებენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, ავტომატურად იქნება ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო. არ არის რაღაც ერთჯერად დარღვევაზე საუბარი, აქ არის სისტემურ დარღვევაზე საუბარი და ამ დარღვევების განგრძობით ხასიათზე. ასევე, აქ საუბარი არის მშობლიურ, ანუ ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ბავშვებისთვის, რაც ჩვენი ქართველი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რას მიიჩნევენ თავიანთ მშობლიურ ენად რუსეთი თუ დე ფაქტო რეჟიმები, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც ქართული ენა უნდა მიჩნეული იყოს მშობლიურ ენად და მათ უნდა ჰქონდეთ ამ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ბექა ძამაშვილის განცხადებით, რუსეთს დარღვევა დაუდგინდა როგორც ომის დროს, ასევე მის შემდეგ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

„ისიც უნდა ითქვას, რომ გასულ წელს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოვიდა აფხაზეთიდან. იყო საჩივრები, რომლებიც ეხებოდა, რომ, მათ შორის, 2008 წლის ომამდეც დაუდგინდა რუსეთს ეფექტური კონტროლი. ფაქტობრივად, დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის ომის დროს და 2008 წლის ომის შემდეგ მთლიანად, განგრძობადი ოკუპაციის ფარგლებში ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.