„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთში დარჩენილი ევროპული ბანკები ოთხჯერ მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე ომამდე იხდიდნენ
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთში დარჩენილი ევროპული ბანკები ოთხჯერ მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე ომამდე იხდიდნენ

ბრიტანული გამოცემის, „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, უმსხვილესმა დასავლურმა ბანკებმა, რომლებიც რუსეთში ოპერირებას აგრძელებენ, შარშან გადასახადების სახით 800 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც ომის დაწყებამდე გადახდილ გადასახადებზე 4-ჯერ მეტია.

როგორც სტატიაში ნათქვამი, შვიდმა უმსხვილესმა ევროპულმა ბანკმა, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მუშაობას რუსეთის ფედერაციაში, საერთო ჯამში, 2023 წელს 3 მილიარდზე მეტი მოგება მიიღეს. ესენია: Raiffeisen Bank, UniCredit, ING, Commerzbank, Deutsche Bank, Intesa Sanpaolo და OTP.

„ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ ეს მოგება 2021 წლის მონაცემებს სამჯერ აღემატებოდა და ნაწილობრივ მიღებულია იმ აქტივების ხარჯზე, რომელთა გატანა რუსეთიდან ბანკებს არ შეუძლიათ. მოგების ზრდამ ავტომატურად გამოიწვია ის, რომ აღნიშნულ ბანკებს რუსეთის ხაზინაში, გადასახადების სახით, დაახლოებით 800 მილიონი ევროს გადაიხა მოუწიათ. 2021 წელს ამავე ბანკების მიერ რუსეთის ბიუჯეტში გადარიცხული თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენდა.

„ფაინენშალ თაიმსის“ მიხედვით, უცხოური ბანკების მოგება ნაწილობრივ რუსეთში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებით არის განპირობებული. თუმცა ამაში საკუთარი წვლილი იმ სანქციებმაც შეიტანეს, რომლებიც რუსული ბანკების წინააღმდეგაა დაწესებული. ამ შეზღუდვებმა რუსეთში დარჩენილ ევროპულ ბანკებს ის კონკურენტები ჩამოაცილა, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს და ამასთან, რუსეთში დარჩენილი დასავლური ბანკების მიმზიდველობა გაზარდეს.

გამოცემის გათვლებით, ევროპული ბანკების მიერ გადახდილი გადასახადებით მიღებული შემოსავალი 2024 წელს რუსეთის მიერ არაენერგეტიკული სექტორიდან დაგეგმილი შემოსავლების 0,4%-ს შეადგენს.