ბათუმსა და ზუგდიდში ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმსა და ზუგდიდში ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

ღონისძიებას ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა დაესწრნენ.

პროგრამის პრეზენტაცია ასევე გაიმართა ზუგდიდის ტექნოპარკში.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის შესახებ.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა სახელმწიფოსგან მიიღონ საწყისი ფინანსური მხარდაჭერა, შექმნან სტარტაპები და ისარგებლონ საერთაშორისო მენტორშიფით სილიკონის ველიდან, რათა თავიანთი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეების საერთაშორისო კომერციალიზაცია მოახდინონ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ მთელი საგრანტო პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, ხოლო საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ შეფასება განხორციელდეს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით“, – განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის.

საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

„თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტისა და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა“, – აცხადებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

მათივე ცნობით, პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თანადაფინანსების ვებპორტალზე: www.grants.gov.ge