მარიამ ლაშხი - ადგილობრივმა კომპანიებმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ კვლევებსა და განვითარებაში, რაც შემოსავალს სულ მცირე გაასამმაგებს
მარიამ ლაშხი - ადგილობრივმა კომპანიებმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ კვლევებსა და განვითარებაში, რაც შემოსავალს სულ მცირე გაასამმაგებს

ადგილობრივმა კომპანიებმა მეტი ინევსტიცია უნდა ჩადონ კვლევებსა და განვითარებაში, რაც შემოსავლებს სულ მცირე გაასამმაგებს, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში ტექნოლოგიის სფეროში დამწყები კომპანიების, ე.წ. სტარტაპების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს, რომელთაც სააგენტო საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში უწყობს ხელს.

გადაცემის მსვლელობისას კომაპნია „ჯეპრას“ დამფუძნებელი და გადაცემის თანაწამყვანი სოსო გალუმაშვილი დაინტერესდა, რამდენად თანამშრომლობს სააგენტო ადგილობრივ კომპანიებთან, რომ მათ ე.წ. ვენჩურულ კაპიტალში ჩადონ ფული, რომელიც მაღალი რისკის მქონე დამწყებ ბიზნესებს აფინანსებს.

ლაშხის განმარტებით, ადგილობრივ მეწარმეებთან თანამშრომლობა ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს: ერთი, რომ ადგილობრივი კომპანიები უფრო ინოვაციურები გახდნენ და მეორე – მეტი ინვესტიცია განახორციელონ კვლევებსა და განვითარებაში, რაც შემოსავლებს სულ მცირე გაასამმაგებს.

„აქ ორი ელემენტი უნდა განისაზღვროს: ერთი, რომ არსებული მეწარმეები უფრო ინოვაციურები გახდნენ და მეორე – კვლევებსა და განვითარებაში მეტი ინვესტიცია განახორცილონ, რაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, სულ მცირე სამჯერ ზრდის შემოსავლებს. არის ამის მაგალითები, მაგალითად კვლევისა და განვითარების გაერთიანების შედეგად, თხილის მწარმოებელი მიხვდა, რომ გადაყრილი ნაჭუჭისგან დამატებითი შემოსავლის მიღება შეეძლო. ხანდახან ხდება, რომ ამ კვლევა-განვითარების შედეგად მიღებული იდეა მეწარმეს გაცილებით მეტ შემოსავალს აძლევს, ვიდრე ძირითადი წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებულმა კომპანიებმა მეტი ინვესტიცია ჩადონ კვლევა-განვითარებაში, მეტი ტექნოლოგია და ავტომატიზაცია დანერგონ, რათა ნაკლები დანახარჯი ჰქონდეთ და მეტი შემოსავალი“, – განმარტა მარიამ ლაშხმა.