150 000-ლარიან საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
150 000-ლარიან საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შეტანა ასევე შეუძლია რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში, მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ცხრათვიანი პროექტებისათვის, არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 90 პროცენტს და 150 000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა სასურველია – კერძო სექტორის წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარდგენა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 27 სექტემბერი.