მარიამ ლაშხი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები ტრენინგებს ნიუ იორკსა და კალიფორნიაში „სილიკონ ველიზე“ გაივლიან
მარიამ ლაშხი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები ტრენინგებს ნიუ იორკსა და კალიფორნიაში „სილიკონ ველიზე“ გაივლიან

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ოთხი კომპანია ტრენინგებს ნიუ იორკში, სამი კომპანია კი კალიფორნიის „სილიკონ ველიზე“ გაივლიან, რომელიც ტექნოლოგიური ბიზნესის მექად ითვლება, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში ტექნოლოგიის სფეროში დამწყები კომპანიების, ე.წ. სტარტაპების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს, რომელთაც სააგენტო საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში უწყობს ხელს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გუშინ სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის 20 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც 100 000 ლარი გადაეცათ. ამ გამარჯვებულებიდან ოთხი თანამედროვე ტექნოლოგიურ მეთოდოლოგიებს ნიუ იორკში შეისწავლის, სამი კი – „სილიკონ ველის“ ბიზნესინკუბატორში, ე.წ. ბიზნესაქსელერატორში გაივლის სწავლებას. აღნიშნული სასწავლო პროგრამების ორგანიზებას ამერიკის საელჩო უზრუნველყოფს.

„სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამა სტარტაპებს გლობალურ ბაზრებზე გასვლაში ეხმარება. დამწყებ ბიზნესს ისე უნდა ჰქონდეს პროდუქტი განვითარებული და შეფასებული, რომ მან სხვა ბაზრებზე ანალოგიურ პროდუქტს გაუწიოს კონკურენცია. ამისთვის მნიშვნელოვანია იმ ცოდნისა და უნარების შეძენა, რაც ბიზნესინკუბატორებსა და დამაჩქარებლებში ხდება. კონკრეტულად, ამერიკის საელჩო სთავაზობს ტრენინგებს ე.წ. „ეჯაილ და სკრა მეთოდოლოგებში“. გამარჯვებული ოთხი სტარტაპი ნიუ იორკში გაემგზავრება, სამი სტარტაპი კი „სილიკონ ველიში“ გაივლის აქსელერაციას. ეს უშუალოდ ბაზრებზე წვდომის ცენტრია და სტარტაპებს ახალ ბაზრებზე ადგილობრივი კანონმდებლობის შესწავლაში ეხმარება. ასწავლის, რა ეტაპები უნდა გაიაროს სტარტაპმა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შევიდეს. ასევე, გვყავს ავსტრიელი და გერმანელი მხარდამჭერები, ავსტრიელები ვენაში სწავლებას უზრუნველყოფენ, გერმანელებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისი განმარტებით, კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში სახელმწიფო არ ჩარეულა და გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

კონკურსში მონაწილეობა 180-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წელს რეგისტრირებულ 150 განაცხადს.

კონკურსის ფარგლებში იდეების შეფასებაში საპატენტო ოფისიც იყო ჩართული, რაც კონკურსში გამარჯვებული იდეების სიცოცხლისუნარიანობის კიდევ ერთი გარანტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟიურის მთელ პროცესს საერთაშორისო ექსპერტიზა აფასებს, სახელმწიფო არ ერევა გადაწყვეტილების მიღებაში, თუ ვინ გაიმარჯვებს. განცხადების მიღება ქართულ და ინგლისურ ენებზე ხდება, რადგან თუ სტარტაპს გლობალურ ბაზარზე გასვლა სურს, ინგლისური ენაც უნდა იცოდეს. საპატენტო ოფისიც იყო ჩართული, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს, რომ ვინმეს საპატენტო უფლება არ დაირღვეს, და მეორე მხრივ, აფასებს, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია პატენტის მხრივ ესა თუ ის განაცხადი. ბოლო ეტაპია, როცა ვენჩურული, ანუ სარისკო კაპიტალის ფონდებიდან წარმოდგენილი ექსპერტები წყვეტენ, ვინ უნდა გაიმარჯვოს“, – განუმარტა მარიამ ლაშხმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი