ავსტრიის დედაქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ
ავსტრიის დედაქალაქში პოლიციის სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა, „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით საყოველთაო კარანტინის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნეს, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი.
ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს. შსს მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე მთავრობამ რეკომენდაცია გასცა და დღეს მოსწავლებიისთვის სკოლაში მისვლა აუცილებელი არ არის.
მთელი ქვეყნის მაშტაბით უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. კონტროლი დაიწყო ავსტრია-ჩეხეთის საზღვარზეც.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თავდამსხმელები კარგად იყვნენ შეირაღებულები და მომზადებულები. ოფიციალური პირები ჯერ თავდასხმის მოტივებზე არ საუბრობენ.