ავსტრიის შს მინისტრის თქმით, ვენაში სპეცოპერაციისას მოკლული თავდამსხმელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი
ავსტრიის შს მინისტრის თქმით, ვენაში სპეცოპერაციისას მოკლული თავდამსხმელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ვენაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თავდამსხმელი ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, თავდამსხმელი კარგად იყო შეირაღებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი ქამარი, რომელიც მას ეკეთა, ყალბი იყო.

კარლ ნეჰამერი მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.

ვენაში გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს.