ანგელა მერკელი - ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა
ანგელა მერკელი - ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა

ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა, – ასე გამოეხმაურა ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მეზობელ ავსტრიას სოლიდარობას უცხადებს ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გერმანიის კანცლერის განცხადება მისმა პრესმდივანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„ამ საშინელ საათებში, როდესაც ვენა ტერორისტული ძალადობის სამიზნე გახდა, მე ვფიქრობ იქ მყოფ ადამიანებზე და უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც საფრთხის წინაშე არიან.

ჩვენ, გერმანელები სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიელ მეგობრებს. ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა“, – ნათქვამია ანგელა მერკელის განცხადებაში.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთის ძებნა მიმდინარეობს.