დონალდ ტრამპი - აშშ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ავსტრიის, საფრანგეთისა და მთელი ევროპის გვერდით დგას
დონალდ ტრამპი - აშშ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ავსტრიის, საფრანგეთისა და მთელი ევროპის გვერდით დგას

უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული ბოროტი თავდასხმები უნდა შეწყდეს, – ასე ეხმაურება ვენაში მომხდარ თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ევროპაში მომხდარი კიდევ ერთი საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ჩვენი ლოცვა ავსტრიელ ხალხთანაა. უდანაშაულო ხალხის მიმართ განხორციელებული ეს ბოროტი თავდასხმები უნდა შეწყდეს. ტერორიზმის, მათ შორის რადიკალი ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატები ავსტრიის, საფრანგეთისა და მთელი ევროპის გვერდით დგას“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

ვენაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც ეხმაურება.

„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას პოლიციისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც პირველებმა უპასუხეს ამ თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიელ ხალხს“, – წერს მაიკ პომპეო „ტვიტერში“.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.