ავსტრალიელმა მეცნიერმა სიცოცხლე ევთანაზიით, ბეთჰოვენის „სიხარულის ოდას" ფონზე დაასრულა
104 წლის ავსტრალიელმა მეცნიერმა სიცოცხლე საკუთარი ნებით, ევთანაზიის საშუალებით, ბეთჰოვენის „სიხარულის ოდას” ფონზე დაასრულა.
იმის გამო, რომ ავსტრალიაში კანონი კრძალავს, დევიდ გუდოლის ევთანაზია შვეიცარიის ერთ-ერთ საავადმყოფოში განხორციელდა.
გუდოლი ავსტრალიის უხუცესი მეცნიერი იყო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ევთანაზიის ლეგალიზაციისთვის.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დევიდ გუდოლმა ტელეკომპანია CNN- თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ცხოვრება ბოლო 5-10 წელია ხალისიანი აღარ იყო. მიზეზად დაასახელა ის, რომ მოძრაობა უჭირდა და მხედველობის პრობლემები ჰქონდა.
„ ჩემ ასაკში ასეა, დილით ვიღვიძებ, ვსაუზმობ, შემდეგ ველოდები როდის მოვა სადილობის დრო. შემდეგ ვსადილობ და ისევ ვზივარ. რა სარგებლობა მოაქვს ამას?”,- განაცხადა გუდოლმა .