ავსტრიის ხელისუფლებამ პარლამენტს ევთანაზიის განხორციელების პირობების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა
ავსტრიის ხელისუფლებამ პარლამენტს ევთანაზიის განხორციელების პირობების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

ავსტრიის ფედერალურმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი მძიმე ავადმყოფებისთვის თვითმკვლელობისას სამართლებრივი დახმარებისა და ევთანაზიის განხორციელების პირობების შესახებ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

კანონპროექტი ადგენს შესაბამის პირობებს, რომლის მიხედვით, სამომავლოდ შესაძლებელი იქნება „ხელშეწყობით თვითმკვლელობა“, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასული წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვით, „ხელშეწყობით თვითმკვლელობის“ აკრძალვა იყო არაკონსტიტუციური, რადგან ეს პირის თვითგამორკვევის უფლებას არღვევს.

„სერიოზულად დაავადებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წვდომა თვითმკვლელობაზე“, – ნათქვამია ფედერალური კანცელარიის განცხადებაში.

კანონპროექტი საშუალებას აძლევს ქრონიკულად ან ტერმინალურად დაავადებულ ზრდასრულებს, მიიღონ გადაწყვეტილება „ხელშეწყობით თვითმკვლელობაზე“.

მიმდინარე წლის დასაწყისში ესპანეთი იყო ევროკავშირის რიგით მეოთხე ქვეყანა ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის შემდეგ, რომელმაც ევთანაზია მას შემდეგ დაუშვა, რაც ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნულს მხარი დაუჭირა.

ზოგადად, ევთანაზიის ორ ძირითად სახეს გამოყოფენ, ესენია: აქტიური ევთანაზია „სწრაფი სიკვდილის“ გამოწვევის მიზნით, პაციენტისთვის სხვადასხვა პრეპარატების შეყვანით და პასიური ევთანაზია „სწრაფი სიკვდილის“ გამოწვევის მიზნით, ექიმების მიერ დამხმარე თერაპიის ზომების შეწყვეტით.