ნეპტუნის მიღმა სივრცეში დედამიწის მსგავსი კიდევ ერთი პლანეტის ნიშნები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

14:56, 25.11.2026

ნეპტუნს გადაღმა, მზის სისტემა იცვლება.

პლანეტების ჩვენთვის კარგად ცნობილი სამეფო ადგილს უთმობს გაყინულ წყვდიადს — კოსმოსის ვრცელ უფსკრულს, რომელიც მზის სითბოსა და სინათლისგან იმდენად შორსაა, რომ იქ არსებულ ობიექტთა კატალოგიზაცია ახლაღა იწყება.

ნეპტუნსგადაღმა სივრცის შესახებ არსებული ტრადიციული წარმოდგენის თანახმად, მასში დომინირებს მცირე, ყინულოვანი ობიექტების ვრცელი სარტყელი, რომელთა მოძრაობა მზის გარშემო მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულ ხასიათს ატარებს.

თუმცა, ზოგიერთმა ასეთმა ნაკლებად მოწესრიგებულმა ორბიტამ შესაძლოა გაამჟღავნოს ბევრად უფრო დიდი ობიექტის არსებობა — კოიპერის სარტყლის მიღმა დამალული „სუპერდედამიწისა“.

არა, ეს ე. წ. მეცხრე პლანეტა კი არ არის, არამედ კიდევ სხვა, მეორე ასეთი პლანეტა, რომელსაც ასტრონომები პლანეტა X2-ს უწოდებენ.

„თოვლში ნაფეხურებს ჰგავს. გეუბნება, რომ იქ ვიღაც იყო, ისეთი, ვისაც არ ელოდი“, — ამბობს ავსტრალიის სამხრეთ ქვინზლენდის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ჯონტი ჰორნერი.

უმეტესი რამ, რაც მზის სისტემის შესახებ ვიცით, ეფუძნება მზის სინათლეს, რომელიც ობიექტებს ანათებს.

თუმცა, ნეპტუნთან, რომელიც მზისგან საშუალოდ 30,1 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობს, ანუ 30-ჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწა მზისგან — მზის სინათლე იმაზე 900-ჯერ სუსტია, ვიდრე დედამიწაზე. ამავე დროს, იქ არსებული ობიექტებიდან მზის სინათლის ძალიან მცირე ნაწილი აირეკლება და შესაბამისად, ტელესკოპებს მათი დანახვა ძლიერ უჭირთ.

მაგრამ ბოლო ათწლეულები ტელესკოპები უფრო მძლავრი და მგრძნობიარე გახდა; ბოლო წლებში მზის სისტემის გარე ნაწილში უკვე საკმარისი ობიექტი დააფიქსირეს, რათა შექმნილიყო მათი ორბიტული გადანაწილების რუკა.

სწორედ აქ გაჩნდა კითხვები, რადგან მაშინ, როდესაც მზის სისტემის გარე ნაწილში მიმდინარე პროცესების უმეტესობა შეიძლება აიხსნას ცნობილი გიგანტი პლანეტების — განსაკუთრებით ნეპტუნის გრავიტაციული გავლენით, ზოგიერთი მცირე, თუმცა მუდმივი სიგნალების ახსნა გაცილებით რთულია.

ზოგიერთმა ამ ანომალიამ გააჩინა მეცხრე პლანეტის ჰიპოთეზა. ახლა კი, შორეული ობიექტების ორბიტებში არსებული განსხვავებული კანონზომიერება მეორე ფარული პლანეტის არსებობაზე მიუთითებს.

მინიშნება იმალება ობიექტთა ორ უჩვეულო პოპულაციაში — ერთი, რომლის ორბიტებიც უკიდურესი კუთხითაა დახრილი, და მეორე, რომლის მზესთან ყველაზე ახლო მიახლოების წერტილები პლუტონის ორბიტის მიღმაც კი, ძალიან შორს მდებარეობს.

თუ მზის სისტემის ევოლუციას მისი ადრეული ეტაპიდან აღადგენთ და ამ პროცესში მხოლოდ გიგანტურ პლანეტებს გაითვალისწინებთ, აღნიშნულ პოპულაციებს ვერ მიიღებთ.

„კითხვა შემდეგია: კარგი, თუკი არსებული პლანეტების მეშვეობით მათ აღწარმოებას ვერ ვახერხებთ, იქნებ რაღაც დამატებითი ჩავრთოთ — ისეთი რამ, რაც საკმარისად შორს არის იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ვერ აღმოგვეჩინა — და ვნახოთ, რა მოხდება?“, — ამბობს ჰორნერი.

სწორედ ამის გაკეთება გადაწყვიტეს ჯონტი ჰორნერმა, სამხრეთ ქვინზლენდის უნივერსიტეტის ასტრონომმა პატრიკ სოფია ლიკავკამ და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრონომმა პედრო ბერნარდინელიმ.

ჯგუფმა ჩაატარა დეტალური კომპიუტერული სიმულაციები, რომლებიც 4,5 მილიარდ წელიწადს მოიცავდა და დააკვირდა, თუ როგორ განიცდიდა ევოლუციას მზის სისტემის გარე ნაწილები გიგანტური პლანეტების ამჟამინდელი პოზიციებისკენ მიგრაციის დროს.

მათ ერთმანეთს შეადარეს მოდელები, რომლებიც მხოლოდ ოთხ ცნობილ გიგანტურ პლანეტას შეიცავდა და ის მოდელები, რომლებშიც დამატებითი, შორეული პლანეტაც იყო ჩართული; ამას გარდა, შეისწავლეს ყინულოვანი ობიექტების ის პოპულაციებიც, რომლებიც ამ პროცესში წარმოიქმნა.

ამ მიქსში დამატებითი პლანეტის შეტანით რაღაც საინტერესო მოხდა. სიმულაციებმა დაიწყო ძლიერ დახრილი და განცალკევებული ორბიტების მქონე ობიექტთა პოპულაციების წარმოქმნა, რომლებიც უფრო მეტად ჰგავდა იმ აუხსნელ ორბიტებს, რომლებსაც ასტრონომები რეალობაში აკვირდებოდნენ.

ყველაზე ახლო შესატყვისი ვარიანტი მეტად მიმზიდველია — პლანეტა, რომლის მასაც დედამიწის მასას 1-2-ჯერ აღემატება და რომელიც მზისგან შორ ორბიტაზე მოძრაობს; მისი ორბიტის დიდი ნახევარღერძი 350-დან 500 ასტრონომიულ ერთეულამდე მერყეობს. ასეთი პლანეტა მზეს 200 ასტრონომიულ ერთეულზე უფრო ახლოს არასდროს მიუახლოვდება.

„თუ ეს პლანეტა არსებობს, მას შეუძლია შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა მზის სისტემის ისტორიაზე და იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ მისი ყველაზე შორეული ობიექტები ასეთ უჩვეულო ორბიტებზე“, — ამბობს ლიკავაკა.

ასეთივე ორბიტული სტრუქტურები იმ კვალს წარმოადგენს, რომელიც მეცხრე პლანეტამდე მიგვიყვანს; 2025 წლის ანალიზის თანახმად, ამ პლანეტის მასა დაახლოებით 4,4 დედამიწის მასის ტოლია, ხოლო მისი ორბიტის დიდი ნახევარღერძი — დაახლოებით 290 ასტრონომიული ერთეული.

და ყველაზე საინტერესო ნაწილი — ეს ორი ჰიპოთეზა განსხვავებულ ორბიტულ სურათებს ხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის სისტემაში, შესაძლოა, ორივე მათგანს ჰქონდეს ადგილი.

„შესაძლოა, არცერთიც არ იყოს. შესაძლოა, ორივე იყოს. შესაძლოა, ან ერთი იყოს, ან მეორე. სავსებით შეესაბამება იმას, რასაც სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტური სისტემების შესახებ ვიგებთ — რომ ვარსკვლავისგან უფრო მოშორებითაც შეიძლება იყოს რაღაცები“, — ამბობს ჰორნერი.

ორი პლანეტის შეუმჩნევლობა ალბათ ზედმეტად ბევრი ჩანს — თანაც, ისინი არც ისე პატარებია. თუმცა, სხვა პლანეტარული სისტემები გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი იქ.

საქმე ისაა, რომ პლანეტები ყოველთვის არ რჩებიან იქ, სადაც გაჩნდნენ; უფრო მეტიც, მზის სისტემაში მრავლადაა იმის ნიშნები, რომ მოხდა მნიშვნელოვანი გადაადგილებები.

პლანეტური სისტემის ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე, მზარდ პლანეტებს შორის არსებულმა გრავიტაციულმა ურთიერთქმედებებმა შესაძლოა ისინი სისტემის ცენტრისკენ ან პირიქით — გარე მიმართულებით გადაადგილოს; ზოგჯერ ამ პროცესმა პლანეტები შეიძლება შორეულ ორბიტებზე გადაისროლოს ან საერთოდაც სისტემიდან გარეთ გააძევოს.

ასტრონომებს აღმოჩენილი აქვთ პლანეტური სისტემები, რომელთა აგებულებაც ჩვენი სისტემისგან რადიკალურად განსხვავდება; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთვის ცნობილი რვა პლანეტის შედარებით მოწესრიგებული განლაგება სულაც არ არის ერთადერთი შესაძლო ვარიანტი.

თუ პლანეტა X2 არსებობს, შესაძლოა ის მზესთან გაცილებით ახლოს წარმოიქმნა, შემდეგ კი გიგანტურ პლანეტებთან გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად მზის სისტემის შორეულ კიდეებში გაიტყორცნა; იქ ის დღემდე რჩება და პრობლემებს უქმნის ნეპტუნსგადაღმა ობიექტებს.

თუმცა, სიმულაციები ზუსტ რეპლიკაციას არ გვთავაზობს. მართალია, ისინი მზის სისტემის ზოგიერთი უფრო უჩვეულო ორბიტული განლაგების შესახებ იმედისმომცემ ახსნას გვთავაზობს, თუმცა ვერ ხსნის ყველაფერს, რაც ასტრონომებმა დააფიქსირეს.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოდელები იმეორებენ Dark Energy Survey-ის მიერ აღმოჩენილი შორეული ობიექტების ზოგიერთ მახასიათებელს, მათი დიდი ნახევარღერძების განაწილება სრულად არ ემთხვევა.

თუმცა, მზის სისტემის ევოლუციის სირთულის, კომპიუტერული სიმულაციების შეზღუდულობისა და ჯერჯერობით აღმოჩენილი შორეული ობიექტების შედარებით მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, სრული თანხვედრა გასაკვირი იქნებოდა.

„ეს არ გახლავთ სრულყოფილი დამთხვევა. ამას არც უნდა ელოდე. გულწრფელი რომ ვიყო, უფრო ის შემაწუხებდა, ასე რომ ყოფილიყო. თუმცა ეს ძალიან, ძალიან კარგი დასაწყისია და საკმაოდ დამაჯერებელიც“, — ამბობს ჰორნერი.

შემდეგი ნაბიჯი უკვე გზაშია.

მოსალოდნელია, რომ ჩილეში ახლახან ამოქმედებული ვერა რუბინის ობსერვატორია სრულად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას მზის სისტემის გარე ნაწილის შესახებ. ის გასაოცრად მგრძნობიარე ტელესკოპია, რომელიც აღმოაჩენს აქამდე უცნობ მრავალ ობიექტს ნეპტუნსგადაღმა სივრცეში, რაც ასტრონომებს გაცილებით დიდ ნიმუშს მისცემს მოდელებთან შესადარებლად.

თუ პლანეტა X2 არსებობს, ლიკავკასა და მისი კოლეგების მიერ პროგნოზირებული ორბიტული პოპულაციების თავისებურებები, ახალი ობიექტების აღმოჩენასთან ერთად, სულ უფრო აშკარა უნდა გახდეს.

და კიდევ, არსებობს იმის შანსიც, რომ ვერა რუბინმა თავად ეს პლანეტა შეამჩნიოს, მიუხედავად იმისა, რომ ის მზისგან წარმოუდგენლად შორსაა.

მეცხრე პლანეტის მსგავსად, პლანეტა X2-ის ჰიპოთეზა დიდ ქარცეცხლში გაივლის იმ სხვა მეცნიერთა მიერ, რომლებიც ამ ორბიტულ უცნაურობათა ალტერნატიულ ახსნას ეძებენ.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი