პრეპარატთა ექსპერიმენტულმა კომბინაციამ თაგვებში კიბო მოსპო და ამავე კიბოსადმი იმუნიტეტი გამოუმუშავა — #1tvმეცნიერება

14:05, 24.11.2026

თქვენს იმუნურ სისტემას მეხსიერება აქვს. შეუძლია ამოიცნოს მიკრობები, რომლებსაც წარსულში შეხვედრია და სწრაფი რეაგირებაც მოახდინოს. შეიძლება თუ არა ამ მეხსიერების კიბოს წინააღმდეგ გამოყენებაც?

სწორედ ამის მტკიცებულება მიიღეს თაგვებზე ჩატარებულ ახალ კვლევაში, რომელშიც კომბინირებული იყო კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი და ექსპერიმენტული ანტისხეული. მას შემდეგ, რაც თაგვებს კიბო გაუქრათ, რამდენიმე კვირის შემდეგ თაგვებს ინიექციით იმავე კიბოს უჯრედები შეუყვანეს, მაგრამ მშვენივრად გაუძლეს ყოველგვარი მკურნალობის გარეშე.

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Regeneron Pharmaceuticals-ის მკვლევრებს სურდათ, კიბოს მკურნალობა გაეძლიერებინათ იმუნური სისტემის დახმარებით, რათა შეტევაში ისიც ჩართულიყო.

პირველი კომბინაციის ერთი ნაწილი იყო კიბოს უკვე არსებული პრეპარატი. ტრასტუზუმაბი დერუქსტეკანი, საბაზრო სახელით Enhertu, შედგება ანტისხეულისგან, რომელსაც თან აქვს უჯრედის გამანადგურებელი აგენტი. ანტისხეული უკავშირდება ზრდასთან დაკავშირებულ ცილას, სახელწოდებით HER2, რაც ხელს უწყობს მისი „ტვირთის“ მიტანას იმ უჯრედებამდე, რომლებიც ამ ცილას შეიცავენ.

Enhertu უკვე გამოიყენება ძუძუს, კუჭის და სხვა კიბოების სამკურნალოდ, სიმსივნის მახასიათებლებისა და წინა მკურნალობის მიხედვით. ამ კვლევაში დამატებულმა ექსპერიმენტულმა ანტისხეულმა სხვა სამუშაო შეასრულა — მხარი დაუჭირა კიბოზე თავდამსხმელ იმუნურ უჯრედებს.

ამ დამცველებს შორის იყო T-ლიმფოციტები, რომლებსაც კიბოს უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეუძლიათ. როგორც წესი, ეფექტიანი პასუხი საჭიროებს სამიზნის როგორც ამოცნობას, ისე დამატებით აქტივირების სიგნალს.

ექსპერიმენტული ანტისხეული ორ სხვადასხვა სამიზნეს უკავშირდება. ერთი ნაწილი სიმსივნის უჯრედებზე არსებულ ცილას ეკვრის, დანარჩენი კი ააქტიურებს T-ლიმფოციტებზე არსებულ ცილა CD28-ს. ასეთი ორფაზიანი დიზაინი მას „ბისფეციფიკურ“ ანტისხეულად აქცევს.

მკვლევრებმა კომბინაცია დატესტეს თაგვებზე, რომლებსაც ინჟინერული გზით გამოწვეული ძუძუს ან მსხვილი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბო ჰქონდათ. ცხოველები გამოხატავდნენ ადამიანის CD28-სა და შერჩეული სამკურნალო სამიზნეების მოდიფიცირებულ ვერსიებს. HER2-ისა და ზრდასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცილის — EGFR-ის შემთხვევაში, მათი გარეთა, ზედაპირზე არსებული ნაწილები ადამიანური იყო, ხოლო მემბრანის გამჭოლი და შიდა ნაწილები — თაგვისა. სიმსივნური უჯრედები ასევე ისე იყო მოდიფიცირებული, რომ მათზე შესაბამისი სამიზნეები გამოვლენილიყო.

ძუძუს კიბოს საწყის ტესტებში, მხოლოდ კიბოს პრეპარატმა სიმსივნეზე სრული რეაგირება ნახევარზე ცოტა თაგვში წარმოქმნა, ყველაზე მაღალი დოზის შემთხვევაშიც კი. ექსპერიმენტულ ანტისხეულთან კომბინირებით მან სიმსივნე იმ ცხრავე თაგვში მოსპო, რომლებიც ორივე პრეპარატს იღებდნენ.

ამის შემდეგ, მკვლევრებს აინტერესებდათ, შენარჩუნდებოდა თუ არა თავდაცვა. მას შემდეგ, რაც თაგვები ოთხი კვირის განმავლობაში იყვნენ კიბოსგან თავისუფალი, მკვლევრებმა მათ ძუძუს იმავე კიბოს უჯრედები შეუყვანეს. ცხოველებმა ისინი ყოველგვარი დამატებითი მკურნალობის გარეშე უკუაგდეს.

კიდევ ერთმა შედარებამ გამოავლინა, თუ რა ჰქონდა დამახსოვრებული მათ იმუნურ სისტემას. ადრე ნამკურნალებ თაგვებში განვითარდა განსხვავებული კოლორექტალური სიმსივნე, თუმცა მის უჯრედებშიც იყო წარმოდგენილი HER2. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ საერთო ცილის გარდა, დაცვითი მექანიზმი პირველადი სიმსივნის სხვა მახასიათებლებსაც ცნობდა.

კიბოს უჯრედების გამანადგურებელი T-ლიმფოციტების ჯგუფის — ე. წ. CD8 T-უჯრედების მოშორებამ სრულად გაანეიტრალა საწყისი კომბინაციის სასარგებლო ეფექტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს უჯრედები გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ მის წარმატებაში.

ჯგუფმა ასევე გამოცადა EGFR-ზე მიმართული ექსპერიმენტული ანტისხეული, რომელიც ადამიანებზე კვლევების ადრეულ ეტაპზე (1/2 ფაზაში) უკვე იმყოფება. Enhertu-სთან კომბინაციაში, ძუძუს კიბოს იმ მოდელში, რომელიც მხოლოდ Enhertu-ს მიმართ უფრო რეზისტენტული იყო, მან თაგვების დაახლოებით 75 პროცენტში სიმსივნის გაქრობა გამოიწვია.

იგივე ანტისხეული ასევე ეფექტიანი აღმოჩნდა ქიმიოთერაპიულ პრეპარატ ფტორურაცილთან (5-FU) ერთად, რომელიც უკვე გამოიყენება კოლორექტალური და სხვა სახის სიმსივნეების სამკურნალოდ. ერთობლივად, პრეპარატებმა შეანელეს კოლორექტალური სიმსივნის ზრდა, მაშინ როდესაც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე მცირე ეფექტი ჰქონდა.

ეს კომბინაცია ეყრდნობოდა როგორც CD8 T-უჯრედებს, ისე კიბოს უჯრედების გამანადგურებელ კიდევ ერთ პოპულაციას — ე. წ. ბუნებრივ მკვლელ უჯრედებს (NK-უჯრედებს). მკურნალობა გარკვეულ აქტივობას ინარჩუნებდა მაშინაც კი, როდესაც რომელიმე პოპულაცია არ იყო წარმოდგენილი. მისი სარგებელი კი სრულად ქრებოდა, როდესაც ორივე პოპულაცია არ იყო წარმოდგენილი.

კიბოს წინააღმდეგ იმუნური რეაქციის შესასწავლად, მკვლევრებმა გამოიკვლიეს სიმსივნეებში არსებული უჯრედები და ანალიზები ჩაუტარეს გენების აქტოვობას. კომბინაციებმა გაზარდა აქტიური T-ლიმფოციტების რაოდენობა და ამავდროულად შეინარჩუნა ნაკლებად მომწიფებული უჯრედები, რომლებსაც შეეძლოთ მომავალი რეაქციების მხარდაჭერა.

მათ ასევე გაზარდეს იმ რეცეპტორების მრავალფეროვნება, რომლებსაც T-უჯრედები სამიზნეების ამოსაცნობად იყენებენ, რაც შესაძლოა, მათ კიბოს უფრო მეტი მახასიათებლის ამოცნობაში დაეხმაროს.

Enhertu-მ გაზარდა და გაააქტიურა დენდრიტული უჯრედები, რომლებიც სიმსივნური მასალის ნაწილებს T-ლიმფოციტებს წარუდგენენ. თაგვებში, რომლებიც გენური ინჟინერიით ისე იყვნენ შეცვლილნი, რომ აღნიშნული უჯრედების კონკრეტული ჯგუფი არ გააჩნდათ, Enhertu-სა და ანტისხეულის კომბინაციამ ეფექტიანობა სრულად დაკარგა.

ქიმიოთერაპიული პრეპარატი განსხვავებულად მოქმედებდა. მან სხვა იმუნური უჯრედები შეტევის მხარდაჭერისკენ მიმართა, ხოლო შეამცირა იმ უჯრედების რაოდენობა, რომლებიც ამ შეტევას თრგუნავდნენ.

ზოგიერთი კომბინაცია ეფექტიანი დარჩა პრეპარატის უფრო დაბალი დოზებით ან ნაკლებად ხშირი ქიმიოთერაპიის დროსაც, რაც პოტენციურად ამცირებს მკურნალობის დატვირთვას, თუკი ეს პაციენტებშიც დადასტურდა.

თაგვები ვერ ასახავენ იმ გვერდითი ეფექტების სრულ სპექტრს, რომლებიც შესაძლოა ადამიანებს გამოუვლინდეთ, მათ შორის — ფილტვების, ნაწლავების, გულისა და კანის დაზიანებას. ადამიანებში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დადგენა დამატებით შეფასებას მოითხოვს.

კვლევა Regeneron-მა დააფინანსა. ყველა ავტორი ამჟამინდელი ან ყოფილი თანამშრომელია; აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით უკვე წარდგენილია პატენტის წინასწარი განაცხადები.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი