რა არის რიმანის ჰიპოთეზა და რატომ არის მისი დამტკიცება უმნიშვნელოვანესი — #1tvმეცნიერება

17:30, 25.11.2026

მარტივი რიცხვების რიტმს თავისი კანონზომიერება აქვს; ეს უბრალოდ ქაოსი არ არის. გერმანელი მათემატიკოსი ბერნჰარდ რიმანი ეჭვობდა, რომ ასე იყო, მაგრამ ეს საბოლოოდ ვერასოდეს დაამტკიცა. შემდეგი თაობის მათემატიკოსები საუკუნეზე მეტხანს ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ის მართალი იყო. რიმანის ჰიპოთეზა ამჯერად შეიძლება უკვე დამტკიცდა; მას შეუძლია გამოავლინოს ჩვენი რიცხვითი სისტემის უმთავრესი სტრუქტურა და ამავდროულად, გზა გაუხსნას მათემატიკური ფუნქციების ვრცელი სამყაროს ახლებურ გააზრებას.

1859 წელს, რიმანმა თავის ნაშრომში მათემატიკურ ფუნქციასთან დაკავშირებით შემთხვევითი შენიშვნა გააკეთა და მასთან დაკავშირებული დებულება მიიჩნია, როგორც „ძალიან სავარაუდოდ“ ჭეშმარიტი. ის ფაქტი, რომ მან ეს უფრო დამაჯერებლად ვერასდროს დაამტკიცა, მას შემდეგ მუდმივ მოლოდინში ამყოფებს მათემატიკის სამყაროს; „რიმანის ჰიპოთეზა“ კი ამ დარგის ყველაზე ცნობილ და ჯიუტად გადაუჭრელ ამოცანად იქცა — მაგრამ დღემდე. კომპანია Anthropic-ის თანამშრომლის, ლევენტ ალპოგეს მიერ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მიღებულმა ახალმა დამტკიცებამ, შესაძლოა მათემატიკაში მთელი ეპოქა დაასრულოს — მან დაადასტურა რიმანის თითქმის 200 წლის წინანდელი ვარაუდი.

„თუ ეს შედეგი მართალია, იქნება იმ ბრძოლის კულმინაცია, რომელსაც წარსულში ათასობით მათემატიკოსი იყო ჩართული“, — ამბობს ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტის მათემატიკოსი კრისტოფერ ჰიუზი.

რიმანის ჰიპოთეზის დამტკიცებისთვის კლეის მათემატიკის ინსტიტუტს დაწესებული აქვს ათასწლეულის პრობლემის პრიზი, ერთი მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

რიმანის ჰიპოთეზა ათწლეულების განმავლობაში უდიდეს გავლენას ახდენდა მათემატიკოსებზე, რადგან ის ეხება მათემატიკის ყველაზე მარტივ, თუმცა ძნელად გასაგებ ობიექტებს — მარტივ რიცხვებს. ეს ისეთი რიცხვებია, რომლებიც 1-ისა და საკუთარი თავის გარდა არცერთ სხვა რიცხვზე არ იყოფა; ნებისმიერი რიცხვის მიღება კი შესაძლებელია მარტივი რიცხვების გადამრავლებით. ამგვარად, მარტივი რიცხვები ყველა რიცხვითი სისტემის ძვლებია; ყველაფერი მათზეა აგებული. თუმცა, თუ როგორ ნაწილდებიან მარტივი რიცხვები ყველა რიცხვს შორის, ერთი შეხედვით არაპროგნოზირებადია. სწორედ აქ ჩაერთო რიმანი.

მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ის, თუ როგორ ნაწილდებიან მარტივი რიცხვები რიცხვით ღერძზე, შეიძლება დადგინდეს რიცხვთა სხვა სიმრავლის საფუძველზე — სიმრავლისა, რომელიც ამჟამად დაკავშირებულია მათემატიკურ ფუნქციასთან, სახელად რიმანის ზეტა-ფუნქცია. ეს რიცხვები კომპლექსურია — ანუ თითოეული მათგანი, სინამდვილეში, რიცხვთა წყვილია: ერთი მათგანი „ნამდვილი“ (რეალური) ნაწილია, მეორე კი — „წარმოსახვითი“; როდესაც მათ რიმანის ზეტა-ფუნქციაში ჩავსვამთ, ფუნქციის შედეგი ნულის ტოლია. დამაბნეველია, რომ იმ რიცხვებს, რომლებიც ფუნქციის შედეგად ნულს იძლევა, არატრივიალური ნულები ეწოდება. რიმანმა აღმოაჩინა, რომ ამ კომპლექსური რიცხვების მიმდევრობის შეკრება მას საშუალებას აძლევდა, ეწინასწარმეტყველა მარტივი რიცხვების განაწილება გარკვეულ დიდ რიცხვამდე. ფაქტობრივად, მან მიაგნო ფორმულას, რომელსაც შეეძლო აეხსნა რიცხვებს შორის მარტივი რიცხვების ერთი შეხედვით შემთხვევითი განაწილება.

თუმცა, ეს ფორმულა მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ყველა ნული ყოველთვის ერთსა და იმავე ვერტიკალურ წრფეზე მდებარეობს — იმ საკოორდინატო სისტემაში, სადაც ჰორიზონტალური ღერძი მათ ნამდვილ ნაწილებს, ხოლო ვერტიკალური ღერძი — წარმოსახვით ნაწილებს ასახავს. რიმანმა გამოთვალა ზოგიერთი მათგანი, რითაც თავისი მოსაზრება დაადასტურა, თუმცა ჰიპოთეზის უფრო ზოგადი სახით დამტკიცება ვერ შეძლო. ეს მთელ მათემატიკაში უდიდეს გადაუჭრელ ამოცანად იქცა.

„ლეგენდარული პრობლემაა, ათასწლეულის პრობლემების პრიზის დედოფალი. მთელი მათემატიკისთვის უფრო დიდი თეორემა ვერ იარსებებს“, — ამბობს სორბონის უნივერსიტეტის მათემატიკოსი სკოტ არმსტრონგი.

გასული წლების განმავლობაში მათემატიკოსებმა კომპიუტერების გამოყენებით დაადასტურეს, რომ პირველი 12 ტრილიონი არატრივიალური ნული რიმანის ვერტიკალურ წრფეზე მდებარეობს; ამას გარდა, დიდი ძალისხმევა დაიხარჯა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ნულები, სულ მცირე ამ წრფის გარშემო არსებულ კოორდინატთა სისტემის ზოლში მაინც უნდა მოექცეს. სინამდვილეში, OpenAI-ის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოდგენილ მათემატიკურ მტკიცებულებებს შორის იყო რიმანის ჰიპოთეზის უფრო სუსტი ვერსიის დამტკიცება; ამ ვერსიის თანახმად, არატრივიალური ნულები განლაგებულია არა ზუსტად იმ წრფეზე, რომელსაც რიმანი ვარაუდობდა, არამედ მის სიახლოვეს.

საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში ალპიოგე წერს, რომ მისი მტკიცებულება, რომელიც Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტით — Claude-ით მიიღო, 250 000 გვერდზე მეტს მოიცავს და მათემატიკურ საზოგადოებას ის ჯერ სრულად არ წაუკითხავს, ​​არ გაუაზრებია და არც გაუგია. მისი გადათარგმნა პროგრამული უზრუნველყოფა Lean-ის ენაზე, რომელიც მათემატიკურ მტკიცებულებებს ამოწმებს, 17 000 000 სტრიქონს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის საგულდაგულოდ შეფასებას დრო დასჭირდება.

„Lean-ის 17 მილიონი სტრიქონის წაკითხვის შესაძლებლობა არ მქონია, ამიტომ ვერ ვიტყვი, რამდენად შეესაბამება ისინი სიმართლეს“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მათემატიკოსი ალექს უოლკერი და დასძენს, რომ განცხადება არ შეიცავს დეტალებს მეთოდის შესახებ.

შესაბამისად, ამჟამად გაურკვეველია ზუსტად რა მათემატიკური ხრიკები გამოიყენა AI-მ, თუმცა ადრეული შემფასებლები ვარაუდობენ, რომ ის ეყრდნობოდა მათემატიკის უზარმაზარ ნაწილს, რომელიც მოიცავს რამდენიმე სფეროს, მათ შორის რიცხვების თეორიას და არითმეტიკულ გეომეტრიას. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ AI-მ დაამყარა კავშირები ამ სფეროებს შორის, რაც უკვე მკაფიოდ არ არსებობს ლიტერატურაში.

Lean-ის კოდის ადაპტირება მიმდინარეობს ისე, რომ მან ეფექტიანად იმუშაოს იმ კომპიუტერზე, რომელსაც მისი გადამოწმება შეუძლია; ეს კი ახალი მტკიცებულების გადამწყვეტი შემოწმების საშუალებას მოგვცემს.

„მართალია, თავად Lean-ს გარკვეული ხარვეზები აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, Lean-ის სერტიფიკატების მქონე ხელოვნური ინტელექტის შედეგებიდან არცერთის უკან გაწვევა არ გახდა საჭირო“, — ამბობს ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის მათემატიკოსი სკოტ აარონსონი.

თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა წლები დასჭირდეს ახალი მტკიცებულების ყველა დეტალის გარკვევას და მისგან რაიმე მათემატიკური იდეის თუ დასკვნის მიღებას. მაგრამ ამას უდავოდ მოჰყვება უზარმაზარი და ფართომასშტაბიანი შედეგები.

აღსანიშნავია, რომ ის რიცხვთა თეორიის უდიდეს ღია საკითხს წყვეტს — საბოლოოდ აძლევს აზრს მარტივ რიცხვებს. გარდა ამისა, მრავალ შედეგს, რომლებიც იმ დაშვებას ეფუძნება, რომ რიმანი მართალი იყო, ახლა უფრო მყარი საფუძველი ექნება. ამავე დროს, არსებობს შედეგები რიმანის ზეტა-ფუნქციის მსგავსი ფუნქციებისთვისაც — ამას განზოგადებული რიმანის ჰიპოთეზა ეწოდება.

„განზოგადებული რიმანის ჰიპოთეზის საფუძველზე ადრე უკვე დამტკიცდა უაღრესად დიდი რაოდენობით შედეგი“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის მათემატიკის ინსტიტუტის მკვლევარი ჯონ ნიკოლსონი.

მისი თქმით, ალგებრულ რიცხვთა თეორიაში არსებობს სიდიდეების გამოსათვლელი არაერთი სწრაფი ალგორითმი, რომელთა სისწორეც რიმანის განზოგადებულ ჰიპოთეზაზეა დამოკიდებული. ფიზიკაში რიმანის ჰიპოთეზა კვანტურ სისტემებში ქაოსის თეორიებსაც კი უკავშირდება.

„რიმანის ჰიპოთეზის მცდარობა სრულ ქაოსს გამოიწვევდა მარტივი რიცხვების განაწილებაში“, — წერდა ნიუ-ჯერსიში მდებარე მოწინავე კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი ენრიკო ბომბიერი, როდესაც დაახლოებით 25 წლის წინ „ათასწლეულის პრობლემას“ აღწერდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

მსგავსი