აშშ-ს ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს
ამერიკის შეერთებულმა შტატების ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი აშშ-ის ვაჭრობის შესახებ კანონის 301-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული გამოძიება გახდა, რომელიც გადამამუშავებელ მრეწველობაში ჭარბ საწარმოო სიმძლავრეებსა და ჭარბწარმოებას ეხებოდა.
გამოძიება ჩინეთს, ევროკავშირს, სინგაპურს, შვეიცარიას, ინდონეზიას, მალაიზიას, კამბოჯას, ტაილანდს, სამხრეთ კორეას, ვიეტნამს, ტაივანს, ბანგლადეშს, იაპონიასა და ინდოეთს შეეხო. საბაჟო გადასახადების განაკვეთები ქვეყნებისა და პროდუქციის კატეგორიების მიხედვით განსხვავებული იქნება.
ყველაზე მაღალი ტარიფი ჩინეთისთვის არის გათვალისწინებული და 40%-ს მიაღწევს. ვიეტნამის შემთხვევაში მაქსიმალური განაკვეთი 35% იქნება, დანარჩენი სავაჭრო პარტნიორებისთვის კი 20 ან 25%-ია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საბაჟო გადასახადების რეალური განაკვეთი უფრო დაბალი იქნება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მანამდე მიღწეული სავაჭრო შეთანხმებები ტარიფების მაქსიმალურ ოდენობას ზღუდავს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ განმარტავს, ახალი ტარიფები ამ ეტაპზე ინიციატივის სახით არის წარდგენილი და ძალაში ჯერ არ შესულა. ეს ტარიფები შესაძლოა, 2027 წლის იანვარში ამოქმედდეს, საჯარო განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, ვაშინგტონი ჩინეთს გლობალურ ბაზრებზე ჭარბი რაოდენობით დაბალფასიანი ფოლადის, ალუმინის, ელექტრომობილებისა და მზის ენერგეტიკისთვის განკუთვნილი პროდუქციის მიწოდებაში ადანაშაულებს. პეკინი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინური ექსპორტის წარმატება ქვეყნის კონკურენტული უპირატესობებით არის განპირობებული.
ახალი ტარიფების დაწესების ინიციატივის შესახებ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ჩინეთში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. აშშ-სა და ჩინეთს შორის მოქმედ დროებით სავაჭრო შეთანხმების ვადა 2027 წლის 10 იანვარს იწურება.
ტრამპის ადმინისტრაცია ახალი მექანიზმით იმ საბაჟო გადასახადების ჩანაცვლებას ცდილობს, რომლებიც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის თებერვალში გააუქმა.