პორტუგალიამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ევთანაზიის უფლებას იძლევა
პორტუგალიამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ევთანაზიის უფლებას იძლევა

პორტუგალიის რესპუბლიკის ასამბლეამ ხელახლა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ევთანაზიის უფლებას იძლევა.

სამედიცინო დახმარების გზით სიკვდილის დეკრიმინალიზაციას ადგილობრივი პარლამენტის 138-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 84 წინააღმდეგი იყო, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა.

კანონპროექტის ტექსტის ახალი ვერსია ქვეყნის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას გადაეგზავნება, რომელსაც შეუძლია, ხელახლა წარუდგინოს ის სასამართლოს.

მანამდე, ევთანაზიის შესახებ კანონპროექტი რესპუბლიკის ასამბლეამ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაამტკიცა. ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა, პროექტი განსახილველად გადაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა, რომ ეს დოკუმენტი ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ფუნდამენტურ კანონს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ინიციატივა პარლამენტს დაუბრუნდა, რომელმაც ფორმულირების შეცვლა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ევთანაზიის ლეგალიზაციის მომხრეებმა პროექტს ახალი მუხლი დაუმატეს, რომელიც არაერთ საკითხს განმარტავს. არსებული ინფორმაციით, პორტუგალიის ეს კანონპროექტი გარკვეულწილად ესპანურ კანონს ჰგავს, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაამტკიცა. მაშინ ესპანეთი გახდა რიგით მეოთხე ქვეყანა ევროპაში, სადაც ევთანაზია დაუშვეს.