ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა
ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა

ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ (Euronews) ავრცელებს.

17 წლის ნოა პოტჰოვენმა უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელებში გასულ კვირას გამოაქვეყნა, სადაც გოგონა წერდა, რომ უახლოესი 10 დღის განმავლობაში მოკვდებოდა. „ინსტაგრამში“ ნოა პოტჰოვენმა დაწერა, რომ მან შეწყვიტა საჭმლისა და სასმელის მიღება. მან აღნიშნა, რომ ეს სოციალურ ქსელებში მისი უკანასკნელი პოსტია, რადგან მალე ცოცხალი აღარ იქნება.

„მე ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცოცხლობ“, – დაწერა მოზარდმა.

მოზარდი თავის ბიოგრაფიულ წიგნში „გამარჯვება ან სწავლა“ დეტალურად აღწერდა სექსუალურ ძალადობას, დეპრესიისა და ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლას. წიგნში ის იხსენებს, რომ პირველად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 11 წლის ასაკში გახდა, 14 წლის ასაკში კი, ის ორმა მამაკაცმა გააუპატიურა. ნოა წერდა, რომ მომხდარი მშობლებს დაუმალა, რადგან რცხვენოდა.

ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალურია. განსაკუთრებულ გარემოებებში ის დასაშვებია მოზარდებშიც. გადაწყვეტილების მიღებამდე გოგონამ სპეციალურ კლინიკაში კონსულტაცია გაიარა.

ევთანაზიის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის ბოლო ანგარიშის თანახმად, ნიდერლანდებში 2017 წელს ევთანაზიის შედეგად 6 585 ადამიანი გარდაიცვალა. მათ უმრავლესობას განუკურნებელი სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ.

ევროკავშირის წევრებს შორის ევთანაზია ასევე კანონით დაშვებულია ლუქსემბურგსა და ბელგიაში.