დღეს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე სრულდება.
ქალთა ტურნირზე ამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა გარბინ მუგურუსამ. ერთ-ერთი ფავორიტი მსოფლიოს 88-ე ჩოგანთან, 32 წლის ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან დამარცხდა.
ესპანელი მუდმივად მდევრის როლში იყო. პირველ სეტში მან სეტბოლი მოიგერია და ტაი-ბრეიკამდე მივიდა, მაგრამ იქ 1:7 წააგო, მეორე სეტში 2:5-დან მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა და ზუსტად ორ საათში 6:7(1), 4:6 წააგო.
თავისი შეხვედრა TOP10-ის კიდევ ერთმა წევრმა, მეცხრე ნომერმა იოჰანა კონტამ წააგო. ბრიტანელი ორ სეტში დამარცხდა ხორვატული წარმოშობის ამერიკელთან ბერნარდა პერასთან.
საინტერესოა, რომ პერამ ავსტრალიის ღიას კვალიფიკაცია წააგო და ძირითად ბადეში სხვა ჩოგბურთელის ტრავმის გამო მოხვდა და უკვე მესამე წრეშია გასული.
უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
პერა (აშშ)-კონტა (ბრიტ, 9) 6:4, 7:5
ჰსიე (ტაივ)-მუგურუსა (ესპ, 3) 7:6(1), 6:4
დევისი (აშშ)-პეტკოვიჩი (გერ) 4:6, 6:0, 6:0
სტრიკოვა (ჩეხ, 20)-არუაბარენა (ესპ) 6:3, 6:4
სასნოვიჩი (ბლრ)-ლუჩიჩი (ხორ, 28) 6:3, 6:1